გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი - დაცვის მხარე თუ ახლა სვამს კითხვას, რატომ არის დახურული პროცესები, ეს გასაოცარია - მნიშვნელოვანია იმ მოწმეების უსაფრთხოება, რომლებიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობენ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოს წინაშე მოწმე გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი.

როგორც ბერძენიშვილმა განმარტა, კონკრეტულ გამომძიებელს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული. ბრალდების მხარე შემდგომ კვირაში მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, რის შემდგომაც მოწმეების წარმოდგენას დაცვის მხარე დაიწყებს.

ამასთან, პროკურორის თქმით, პროცესების საჯაროობა მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია მოწმეებისა და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა.

„დაცვის მხარე თუ ახლა სვამს კითხვას, რატომ არის დახურული პროცესები, ეს გასაოცარი ამბავია, იმიტომ რომ ამაზე არაერთხელ იმსჯელა სასამართლომაც.

ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რამდენიმე მიმართულება არის სასამართლოში წამოსული და არსებითი განხილვები მიმდინარეობს. მოწმეები საუბრობენ, მაგალითად, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ამხელენ გარკვეულ პირებს და ბუნებრივია, მათ უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი.

პროცესების საჯაროობა ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მოწმეების და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული.

ასევე, ბრალდების მხარე რა განცხადებასაც და განმარტებასაც აკეთებს, აბსოლუტურად ყველა ეს განმარტება და განცხადება გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან. შესაძლოა ადვოკატმა რომელიმე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტირება მოახდინოს, ეს იურისტებისთვის ნორმაა. დასკვნითი სიტყვის არსიც ეს არის ზუსტად, მაგრამ ბრალდების მხარეს, განსხვავებით დაცვის მხარისგან, აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ნამდვილად ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ თითქოს დეზინფორმაციას ვავრცელებთ.

სხდომის ოქმი იწერება და ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე ისმის, თუ რას ამბობენ მოწმეები",- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ