„მხედრიონის“ კარიკატურად შეიქმნენ და ერთ დღეში ანეკდოტების პერსონაჟები გახდნენ, მათი დაცული არც სიწმინდე გვჭირდება და არც არაფერი , - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნება, რომლის მიზანიც, ორგანიზატორების განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა“.
როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა,“ ამ ფორმირების შექმნა არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაული“.
„ეს ორგანიზაცია არ არის, ეს არის ფორმირება, რომელიც კონკრეტული მიზნით შეიქმნა. თავად ამბობენ ამას, მათ შორის ძალადობრივი ინსტრუმენტი მათ აღქმაში დაშვებულია. როგორც ღიად თქვეს, კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივ მეთოდებსაც მიმართავენ. ჩვენს სიწმინდეებს, ისტორიას, მწერლებს ნამდვილად არ სჭირდებათ ამ ადამიანების მიერ ძალადობით დაცული რაღაც სიკეთეები. საქართველოს ისტორიას ბევრად მეტი უნახავს. ფორმირების, „მხედრიონის“ კარიკატურად შეიქმნენ და ერთ დღეში ანეკდოტების პერსონაჟები გახდნენ, მათი დაცული არც სიწმინდე გვჭირდება და არც არაფერი. ჩვენს სიწმინდეს ჩვენი ხალხი დაიცავს ღირსებით, თავისი ისტორიით, სიწმინდეების მიმართ თავისი დამოკიდებულებით. 3-4 ადამიანს ისიც ვერ გაურკვევია, რა მიზნით შეიქმნა და საუბრობენ, თურმე სიწმინდეებს იცავენ. წარმოდგენა არ აქვთ არც ისტორიაზე, არც სიწმინდეებზე, არც ჩვენს განვლილ გზაზე. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს მიანდოს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ სიწმინდეების თუ ეროვნული იდენტობის დაცვა? თუ რამე აქვთ დასაცავი, წავიდნენ და გააპროტესტონ გელათში რაც ხდება, საყდრისს რატომ არ აპროტესტებენ? ფაქტია, დაანონსებული ფორმირების შექმნა არის სისხლის სამართლის დანაშაული, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის. ამას საზოგადოება აუცილებლად გახლეჩამდე მიჰყავს“, - განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.
ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“