პროკურატურამ სასამართლოს უნდა სთხოვოს, დაუჯეროს, რომ ირაკლი ჩიხლაძე არის ჯაშუში, სხვა პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩიხლაძის საქმის პირველი არსებითი სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც გიორგი გელხაური აცხადებს, საქმეში ბრალდებულის ჯაშუშობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
„დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებითად გამოკვლევა მოხდება, დავიწყებთ შესავალ სიტყვებს და თუკი ბრალდების მხარე რომელიმე მოწმეს წარმოადგენს, მოწმის დაკითხვაც მოხდება.
ბრალდების მხარე ამ საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოს სთხოვს, რომ მას სიტყვაზე ენდოს, რომ ირაკლი ჩიხლაძე არის ჯაშუში, სხვა რამე არსებითი მტკიცებულება, პირდაპირი მტკიცებულება, რითაც წარდგენილი ბრალდება დასტურდება, საქმეში არ არსებობს. სამწუხაროდ, მტკიცებულებების განხილვის შინაარსში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პროკურატურამ სასამართლოს უნდა სთხოვოს, დაუჯეროს, რომ ირაკლი ჩიხლაძე არის ჯაშუში. ასეთი მოცემულობა გვაქვს - კონტრდაზვერვის თანამშრომლები ამბობენ, რომ ის არის ჯაშუში, მეტი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ირაკლი ჩიხლაძემ რამე საიდუმლო დოკუმენტის გამჟღავნებით ან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რამე ქმედება ჩაიდინა, საქმეში წარმოდგენილი არ არის“, - განაცხადა გელხაურმა.
ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას”.