„ქართული ოცნება“ შეგნებულად ატარებს კრემლის ინტერესებს საქართველოში - კიდევ უფრო გააღრმავეს რუსეთის ინტერესები იმით, რომ საკუთარ მოქალაქეებს, ვისთვისაც წითელი ხაზია სამშობლოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, აგენტები, „დიფ-სთეითისგან“ მართულები უწოდეს და რუსული ტერმინიც „რუსოფობია“გამოიყენეს, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც საქართველოში რუსოფობიაზე საუბრობს.
როგორც თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველმა გუნდმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის რუსული ვერსია ჯერ კიდევ შარშან, საპარლამენტო რეზოლუციაში ასახა, რომელიც დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მოამზადა, „რითაც საკუთარი ქვეყანა, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში დაადანაშაულა“.
„ძალიან მარტივი და გასაგებია, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და ეს პირველი წელი არ არის აგვისტოს ომის თარიღის, როდესაც ისინი შეგნებულად ატარებენ კრემლის ინტერესებს საქართველოში, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, შარშან წულუკიანის „ღალატის კომისიის“ მთელ ეპოპეას, როდესაც მათ აგვისტოს ომის აგრესიის რუსული ვერსია გადაიტანეს საპარლამენტო რეზოლუციაში. თქვეს, რომ ომი ფაქტობრივად საქართველომ დაიწყო და საკუთარი სამშობლო საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს გმირებს და „პიარსშეწირული“ უწოდეს ჩვენს ეროვნულ გმირს, ანწუხელიძეს.
ახლა კიდევ უფრო გააღრმავეს რუსეთის ინტერესების განხორციელება ამ კვირეულში იმით, რომ საკუთარ მოქალაქეებს, ვისთვისაც წითელი ხაზია სამშობლოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, აგენტები, „დიფ-სთეითისგან“ მართულები უწოდეს და გამოიყენეს რუსული ტერმინი „რუსოფობია“. ეს არ არის საერთაშორისო ტერმინი, ეს რუსეთის მხრიდან ხელოვნურად შექმნილი დეფინიციაა, რომელმაც საკანონმდებლო ხასიათი მიიღო და რომელსაც რუსეთი საკუთარი აგრესიის გასამართლებლად იყენებს, ისევე როგორც სისხლის სამართლებრივი საქმეების აღსაძრავად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად თვალში არ მოსდის. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს თუ გადავავლებთ თვალს, იქაც „რუსოფობია“ და „დენაციფიკაცია“ არის ის ორი ტერმინი, რითაც ამართლებენ ამ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტისა და ხალხის მისამართით.
ამ ვითარებაში, როცა ეს ტერმინი აგვისტოს ომის კვირეულშიც ვნახეთ, ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე, გარდა იმ ტყუილების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციებისა, რომლებითაც სავსეა ეს წერილი. მათ შორის ყველაზე მთავარი ტყუილი არის ის, თითქოს 2022 წლიდან ხდება ანტირუსული პროტესტი საქართველოში და მანამდე ამას ადგილი არ ჰქონია მაშინ, როცა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება 2019 წელს, გავრილოვის მასპინძლობის გამო მოუწია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პოლიტიკოსის თქმით, „საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, მიუხედავად პროპაგანდისა და მცდელობებისა“.
„ტყუილია ის, რომ ეს პროცესი ეთნიკურობით არის განპირობებული, ეთნიკურ რუსთან მიმართებაში ქართველს პრობლემა არ აქვს. თუმცა პოლიტიკურად, როდესაც რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი აქვს არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ მიმდინარეობს ფაქტობრივი ანექსია, იმის ნაცვლად, რომ კობახიძეს ესაუბრა იმაზე, რომ ამ თარიღში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის განეიტრალების საქმეში, იმის ნაცვლად, რომ პატივის მიგება გვენახა ჩვენი ომში დაღუპული სამხედროებისა თუ სამოქალაქო პირებისთვის, იმის ნაცვლად, რომ დაპირება გაეცა გამთლიანების საკითხზე მუშაობაზე, იმის ნაცვლად, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის მადლობა ეთქვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ეთხოვა მეტი დახმარება იმ ფაქტობრივი ანექსიის ფონზე, რასაც ცხინვალის რეგიონში ვხედავთ, ამის ნაცვლად, საკუთარ მოქალაქეებს პატრიოტიზმში ბრალი დასდო და ერთი ნაბიჯიღა დარჩა იმისთვის, რომ მან პატრიოტები გაასამართლოს.
„რუსოფობიის“ ტერმინის გამოყენება არ ყოფილა მისი [კობახიძის] უნიკალური შემოქმედება. მამუკა ფიფიამ, კრემლისტური პარტიის ლიდერმა, რუსმა ბიზნესმენმა, რომელიც რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, ერთი დღით ადრე სოლოვიოვის ეთერში, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, ზუსტად იგივე ისაუბრა, რაც შემდგომ კობახიძემ გაიმეორა. ეს არის კრემლიდან ორკესტრირებული და სინქრონიზებული პროცესი. მნიშვნელოვანია, თუ რატომ არის მათი განცხადება პროპაგანდისტული და ყალბი - კაცი ჩამოთვლის, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა ომს, რამდენი სოფელი მოექცა ოკუპაციის მიღმა და რამდენი ოჯახი გაუბედურდა, თუმცა არასდროს გმობს განგრძობით ბორდერიზაციას, ფაქტობრივ ანექსიას და ამაყობს იმით, რომ საოკუპაციო ხაზთან არ გასულა. გასაგებია, რომ მთელი ეს ყალბი ემოცია მანიპულაციისთვის არის განკუთვნილი.
ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ კონსტიტუციაში არ გვაქვს. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოიყენა ეს ტერმინი, მან უნდა იცოდეს, რომ მსგავსი ცნება კონსტიტუციაში არ არსებობს. შემდგომ უკვე ირაკლი კობახიძემაც დაწერილ ტექსტში ახსენა ეს ტერმინი, თან ბრჭყალების გარეშე. საკანონმდებლო დონეზე გამოიყენება „ცხინვალის რეგიონი“ ან „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია“. თავად „ოცნებამ“ გააუქმა დროებითი ადმინისტრაციაც სწორედ იმ მოტივით, რომ ასეთი ტერმინი არ არსებობს. ამას შორს მიმავალი გეგმა აქვს, გარდა იმისა, რომ დასავლეთსა და „დიფ-სთეითს“ აბრალებს იმას, რომ საქართველოში პატრიოტული სულისკვეთება არსებობს და პატრიოტები ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს დამკვიდრებას უპირისპირდებიან“,- განაცხადა თეონა აქუბარდია.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც 2019 წელს სერგეი გავრილოვთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში შამპანურის ჭიქით იდგა.
„როდის გაიცნო საზოგადოებამ ირაკლი კობახიძე? „გავრილოვის ღამით“. ყველას კარგად ახსოვს ირაკლი კობახიძე გავრილოვთან ერთად შამპანურის ჭიქით ხელში პრეზიდენტის სასახლეში და შემდგომ ბუნებრივი პროტესტი, რომელიც გამოიწვია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩაბრძანებამ. ის იყო შემოქმედი „გავრილოვის ღამის“, მასპინძელი, და ანტირუსული პროტესტიც საქართველოში მისი დამსახურებაა. ასევე, ის ედგა სათავეში ანტიდასავლურ და ანტიქართულ რიტორიკას, რაც დასრულდა იმით, რომ საქართველო დღეს დასავლური სივრცისგან იზოლირებულია. მათ შორის, კობახიძე იყო კაცი, რომელმაც განაცხადა, რომ აჩერებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მან ამოიღო მთავრობის ვალდებულება, რომ ქვეყნის გამთლიანების ხედვა შემუშავებულიყო და სიამაყით განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან არ გასულა მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ დაბეჩავებული მოქალაქეების თანაგრძნობა თუ დახმარება, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ შიშითა და სოციალური სიდუხჭირით. ეს კაცი არის კრემლის ინტერესების ღიად გამტარი და დამკვეთების შემსრულებელი“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო დონეზე ყველა თანხმდება, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის გაგრძელებაა.
„თუ ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დღეს საერთაშორისო დონეზე ყველა ამბობს, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული იმ ომის გაგრძელებაა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აგრესია განხორციელდა. საქართველოს, როგორც არასდროს, ისე ჰქონდა ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობა და ამის მაგალითია მოლდოვა და არა მხოლოდ უკრაინა, რომელმაც გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა საქართველოს ეს სტატუსი კობახიძემ გაუყინა. როდესაც მოსკოვში დრონები დაფრინავენ და რუსეთს სერიოზული გამოწვევები აქვს, საქართველოს უნდა გამოეყენებინა მშვიდობიანი გამთლიანების ეს შესაძლებლობა. მით უმეტეს მაშინ, როცა მარტა კოსი საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც ისინი რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, იქ რუსული ბაზების გაყვანის საკითხი არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ მოლდოვიდან და საქართველოდანაც უნდა დადგეს. როდესაც ეს მოხდება, ამ შემთხვევაში საქართველოს უჩნდებოდა შესაძლებლობა, დასავლელი პარტნიორების დახმარებით საოკუპაციო ჯარები გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომ არ ყოფილიყო ეს დაპირისპირება დასავლეთთან და საზოგადოებაში ყოფილიყო ერთიანობა ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით.
გასაგებია, რომ რუსული ბაზების გაყვანა აპრიორი ვერ გამოიწვევდა ქვეყნის გამთლიანებას, მაგრამ რუსეთის ეფექტიანი კონტროლი მოხსნილი იქნებოდა. ამის ნაცვლად ვხედავთ ფაქტობრივ ანექსიას, ვხედავთ მოთხოვნას, ვაღიაროთ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა და ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულ დუმილს, რაც არა მხოლოდ შიშზე, არამედ თანხმობაზეც მიუთითებს. ასევე ვხედავთ, რომ სრულდება ის მოთხოვნები, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალს ჰქონდა ჩორჩანასთან დაკავშირებით. აქ არა მხოლოდ საგუშაგოს აღებაზეა საუბარი, არამედ იმაზეც, რომ ჩორჩანას ტყის მასივი ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილად გამოცხადდეს. ამას ემატება საუბრები ცხინვალის გზის გახსნის შესაძლებლობაზეც. ამ ვითარებაში კი „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა ამ პროცესის ხელშემწყობ ნაბიჯებს ვხედავთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.