უკვე მერამდენედ ხდება ენერგეტიკული კოლაფსი, მთელი საქართველო გაითიშა და პასუხად გვეუბნებიან რომ თურმე სატესტო ვერსიები ჰქონიათ - ადამიანები მეტროსადგურებში იყვნენ გაჩერებულები, გვირაბში მოუწიათ სიარული,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას.
მისივე თქმით, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს, „თან არავინაა დამნაშავე და ამავე დროს ყველა დამნაშავეა“.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი ხარვეზი აქვს ჩვენ ელექტროსისტემას, რომელსაც ვერანაირი დაზღვევის მექანიზმით ვერ პასუხობენ, არ არის დივერსიფიკაცია, ერთი გადამცემი ხაზი თუ გაფუჭდება, დამზღვევი მექანიზმი იყოს სხვა ქსელების მეშვეობით.
ყველა მომწოდებელი, დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლამდე მიმტანი კომპანიები ისეა არეული, რომ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს, თან არავინაა დამნაშავე და ამავე დროს ყველა.
ცოტახნის წინ ზარდიაშვილი შესწირეს ამას, თითქოს ის იყო დამნაშავე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სისტემა მოწყვლადია, არ ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებას, კონკრეტული ჯგუფის ინტერესს ემსახურება“, - აღნიშნა სიორიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგია ბოლო ორი კვირის განმავლობაში მასშტაბურად უკვე მესამედ გაითიშა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ გუშინ საღამოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა „ენგურჰესის" აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდებოდა.