პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ისიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც გუშინ, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვისას ლიფტში გაიჭედა.
მისივე თქმით, გარკვეულ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგია შესაძლოა გათიშულიყო.
„მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი [ვინც ლიფტში გაიჭედა]... ასე რომ, რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები ამ თემებთან დაკავშირებით ზოგადად.
ისიც მესმის, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და იმის დაანონსება, რომ პირობითად 20:00 საათიდან 22:00 საათამდე მთელი ქვეყანა იქნებოდა გათიშული, ეს რა რისკებთან არის დაკავშირებული, ალბათ, ხვდებით, დანაშაულიდან დაწყებული შიგნით თუ გარეთ.
ავტოსაგზაო შემთხვევები ელექტროენერგიის დროსაც ხდება და მის გარეთაც, ეს არ არის მთავარი მიზანი.
დღეს, საქართველოს ენერგოსისტემას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ახალი, მსხვილი ობიექტები, შეიძლება არა იმ მასშტაბის, როგორიც არის „ენგურჰესი“, მაგრამ სხვა დიდი მასშტაბის ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორედ იმას, რომ იყოს სტაბილურობა ჩვენს ენერგოსისტემაში.
ყველა ადამიანს, ვინც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ახალი ჰესების მშენებლობას, დღეს საზოგადოებამ მათ ჰკითხოს, რა პასუხი აქვთ ადამიანების წინაშე,“ - აღნიშნავს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგია ბოლო ორი კვირის განმავლობაში მასშტაბურად უკვე მესამედ გაითიშა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ გუშინ საღამოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა „ენგურჰესის" აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდებოდა.