2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება თანაბარ პირობებში მყოფ ორ სახელმწიფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა - ეს იყო ომში დამარცხებული ხელისუფლების მიერ რუსეთის პირობებზე მიღებული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ შეილახა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან შეთანხმებაზე პაპუაშვილი სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
პაპუაშვილის განცხადებით, დოკუმენტში არ ეწერა, რომ რუსეთი აგრესორი იყო. მისივე თქმით, არ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო გარანტია.
“არ განისაზღვრა რუსეთის ჯარის გაყვანის კონკრეტული ვადა. არ არსებობდა შეთანხმების შესრულების იძულების ქმედითი მექანიზმი. რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები ბუნდოვანი იყო, საქართველოს ვალდებულება კი - კონკრეტული და ცალსახა.
შედეგიც შესაბამისი დადგა.
რუსეთმა შეთანხმება არ შეასრულა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა შეინარჩუნა, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა დაიკავა, მოგვიანებით კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ დაკარგა კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამკვიდრდა.
ეს ყველაფერი იმ ომის შედეგი იყო, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში გარდაუვალ ისტორიულ გმირობად და საქართველოს გამარჯვებად წარმოაჩენდა.
თუმცა, სახელმწიფოს გამარჯვება განისაზღვრება არა სატელევიზიო დეკორაციებით, დროშების ფრიალით და ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი ზეიმებით. გამარჯვება იზომება მიღებული შედეგით: რამდენად დაცულია ქვეყნის ტერიტორია, მოქალაქეები, მშვიდობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, “მიუხედავად სამ დღეში კაპიტულაციისაა, მიტოვებული ჯარისკაცებისა, ჰალსტუხისა და გორის სამარცხვინო კადრებისა, რუსთაველზე ზეიმისა მაშინ, როდესაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ფეხით მიდიოდა ომის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო“.
“არ არსებობს ბრძოლა საქართველოსთვის გმირების გარეშე, თავდადების გარეშე, თავგანწირვის გარეშე.
ჩვენ ამ ომმა მოგვცა შინდისის გმირები, გელა ჭედია, ძმები რომელაშვილები, გიორგი ანწუხელიძე… ათობით და ასობით გმირი.
მათ შეინახეს საქართველოს ღირსება, საკუთარი სისხლით დაიცვეს დიდგორის სახელი და დაგვიტოვეს რწმენა, რომ არასოდეს შევეგუებით მარცხს, ღალატს და უსამართლობას.
ამიტომ 12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
ერთი მხრივ, ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე - გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, სწორი სამხედრო სტრატეგიის, გმირული თავდადებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.
მეორე მხრივ კი, ეს არის 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე - პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო.
დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა.
სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა.
ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება.
ისტორია ულმობელია. რჩება დოკუმენტები, რჩება შედეგები და რჩება ხალხის მეხსიერება.
დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს!
დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი! ნაკლების ჩვენება“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.