24 აგვისტოდან ქიმიოთერაპიის დაფინანსების პროგრამაში რეგისტრაციის პროცესი იცვლება და უფრო ავტომატიზებული ხდება. თოდუას კლინიკა ახალი, ციფრული მოდელის დანერგვას, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საპილოტე რეჟიმში იწყებს. სისტემის ტექნიკურ განვითარებაზე თოდუას კლინიკის IT გუნდმა იმუშავა.
ცვლილების მთავარი მიზანი იმ ეტაპების გამარტივებაა, რომლებიც აქამდე კლინიკასა და პაციენტს შორის დამატებით კომუნიკაციასა და დროს მოითხოვდა. დაფინანსების დამტკიცების შემდეგ კლინიკა ინფორმაციას ავტომატურად მიიღებს, პაციენტს კი სისტემიდან SMS გაეგზავნება დაფინანსების დადასტურებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით პაციენტს ქიმიოთერაპიამდე საჭირო ანალიზების ჩასაბარებლად ვიზიტის დაჯავშნა დამოუკიდებლად შეუძლია. სისტემა ავტომატურად შესთავაზებს უახლოეს სამ თავისუფალ თარიღსა და შესაბამის საათებს, ხოლო არჩეული დროის დადასტურების შემდეგ ვიზიტის დეტალები SMS-ის სახით მიუვა. შესაბამისად, რეგისტრაციისთვის კლინიკაში წინასწარ მისვლა ან ცხელი ხაზის გამოყენება საჭირო აღარ არის.
ციფრული პროცესი კლინიკის შიდა სისტემაშიც ავტომატურად გრძელდება: დაჯავშნის შემდეგ პაციენტის ვიზიტი და დღის სტაციონარის შესაბამისი მიღება ავტომატურად რეგისტრირდება. კლინიკაში ანალიზების ჩაბარებისას სისტემა ააქტიურებს მიმართვას ჯანდაცვის პორტალზე, იღებს დაფინანსების მონაცემებს და შესაბამის დოკუმენტს პაციენტის ვიზიტს ავტომატურად უკავშირებს.
თუ პაციენტმა წინასწარ ვერ დაჯავშნა ვიზიტი და პირდაპირ მივიდა კლინიკაში, პროცესის დასრულება ადგილზე კვლავ შესაძლებელია . ეს SMS-ით მიღებული კოდების გამოყენებით ხდება. ამ შემთხვევაშიც სისტემა თავად ააქტიურებს მიმართვას, ამატებს შესაბამის მომსახურებას და აფიქსირებს დაფინანსების მონაცემებს.
ახალი მოდელი პაციენტისთვის ნაკლებ ადმინისტრაციულ ეტაპს, უფრო სწრაფ რეგისტრაციასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ავტომატურ მართვას ნიშნავს. კლინიკის მიზანია თითოეული მომხმარებლისთვის ყველა სერვისი თოდუას კლინიკაში ციფრულად კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს.
(R)