ციფრულ ეპოქაში ბავშვების წიგნით დაინტერესება ბევრი ოჯახის გამოწვევაა და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მის დასაძლევად მშობლის ქცევა და მიდგომა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვები ქცევებსა და ინტერესებს უმეტესად დაკვირვებით ითვისებენ, მთავარი მთავარი მისაბაძი ადამიანები კი მშობლები არიან. შესაბამისად, როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი გარშემომყოფები, რეგულარულად კითხულობენ წიგნს, კითხვა აღიქმება ბუნებრივ საქმიანობად. ასევე, თუ მშობლები თავისუფალ დროს უფრო მეტად წიგნთან ატარებენ, ვიდრე ეკრანთან, ბავშვისთვის ეს ერთგვარი სიგნალია, რომ კითხვა განტვირთვის საშუალებაა.
ინტერესის გაღვივებისთვის ასევე ეფექტური მიდგომებია ერთობლივად კითხვა, პერსონაჟების ქმედებების, სიუჟეტისა და ილუსტრაციების განხილვა. ასევე, ბავშვისთვის თავისუფლების მიცემა, თავად შეარჩიოს სასურველი წიგნი, იქნება ეს საოჯახო ბიბლიოთეკაში თუ მაღაზიაში, რაც მასში თავისუფლების განცდას აღვივებს. გარდა ამისა, სახლში ვიზუალურად მიმზიდველი წიგნების თაროს მოწყობა, იქნება ეს თემატური გაფორმებები თუ სხვა საინტერესო დეკორაციები, ბავშვში ინტერესს აღძრავს, აღმოჩენები გააკეთოს.
პოდკასტში „ბიბლუსი talks” გიორგი კეკელიძესთან სტუმრობისას ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ არის ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ბავშვების გამოწვევა, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ეკრანთან დიდი დროის გატარებამ და ამის საპირისპიროდ, როგორ ავითარებს კითხვა გონებას:
ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხვადაგიანის თქმით, კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვის გონება მზად არ არის, აყვეს ციფრულ ტექნოლოგიებში კადრების ცვალებადობის ტემპს:
„კადრების ცვლილების აჩქარებული ტემპი იწვევს თავის ტვინის აგზნებას იმაზე სწრაფად, ვიდრე ბავშვს აქვს რესურსი. ევოლუციურად რომ შევხედოთ, ბოლო 50 წელია, რაც ციფრული ტექნოლოგიები, განვითარდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ განვიცდით ამ ევოლუციას და უცებ მოხდა ისეთი რამ, რასაც ფიზიკურად ასეთი სისწრაფით ვერ მიჰყვება თავის ტვინი, იწვევს აგზნებას; შემდეგ თავის ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს და მცირედით დაზიანებასაც. შედეგად, გარკვეული უბანი, რომელიც უფრო მეტ უნდა იზრდებოდეს, არ იზრდება და იზრდება ის, რომელიც ვიზუალის აღქმაზეა პასუხისმგებელი, რადგან ბავშვი სულ კადრებს უყურებს.
ამის გამო, ბავშვებში გახშირდა კომუნიკაციისა და მეტყველების პრობლემები. ზოგიერთი მათგანი გვიან იწყებს მეტყველებას ან უცნაური ფორმით ან საქართველოს და ალბათ, სხვა განვითარებადი ქვეყნების პრობლემა რაც არის - იწყებენ საუბარს უცხო ენაზე“, - განმარტა მარიამ ხვადაგიანმა.
ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხვადაგიანის თქმით, MRI კვლევებმა გამოკვეთა, რომ როდესაც მშობელი ბავშვს წიგნს უკითხავს, ეს მის ტვინში ნეირონული წრის შეკვრას უწყობს ხელს, რაც მეტყველების განვითარებასა და სკოლაში აკადემიური მოსწრებისთვის არის მნიშვნელოვანი:
„რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებს მშობელი ბავშვისთვის წიგნების წაკითხვას, მით უკეთესია. გამოვლინდა, რომ ის ბავშვები, ვისაც მუდმივად წიგნს უკითხავდნენ, 5-6 წლის ასაკში 3000-დან 5000-ზე მეტ სიტყვას ფლობენ მათთან შედარებით, ვისაც არ უკითხავდნენ.
პირველი - შემდეგ ბავშვს აკადემიურ წარმატებაში ეხმარება და მეორე - და ძალიან მნიშვნელოვანი - მშობელთან ერთად წიგნის კითხვა ბავშვისთვის სასიამოვნო აქტივობა ხდება.
ნეიროფსიქოლოგის თქმით, ამის ერთ-ერთი შესაძლებლობა ბავშვისთვის წიგნის ადრეული მიწოდებაა:
„როდესაც 8 თვის ან ერთი წლის ბავშვს მშობელი წიგნს უკითხავს, ეს მასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობაა, რომელიც მოიცავს ხმის ტემბრისა და ტონის ცვლილებას, გაღიმებასა და სხვა რეაქციებს. ბავშვი თავიდან ვერ აღიქვამს, რა ხდება, მაგრამ ემოციური შეფერილობით, სხვადასხვა საგნისა თუ მოქმედების აღწერით ყალიბდება კომუნიკაცია, ბავშვს ეს მოსწონს და წიგნთან ურთიერთობა უკვე თამაში ხდება. შემდეგ ნელ-ნელა შემოდის მარტივი წინადადებები, რომლებიც დროთა განმავლობაში რთულდება.
როდესაც ბავშვისთვის წიგნთან ურთიერთობა ხდება სასიამოვნო, იმიტომ რომ მშობლით არის გაშუალებული, ეს უკვე წიგნის მიმართაც პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ პატარებთან ძილის წინ კითხვის რიტუალი მნიშვნელოვანია. ამ დროს მშობელი უსვამს ბავშვს კითხვებს, რას ფიქრობს კონკრეტულ პერსონაჟზე, ხომ არ ეშინია და სხვა ან პირიქით. ეს პროცესი და წიგნი მშობელსა და შვილს ძალიან ეხმარება გახსნილი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა მარიამ ხვადაგიანმა გიორგი კეკელიძესთან პოდკასტში სტუმრობისას.
რომ შევაჯამოთ, თუ ბავშვთან ერთად კითხვის რიტუალს მშობელი დღეში სულ რამდენიმე წუთს მაინც დაუთმობს, მეტი შესაძლებლობა ექნება, კითხვის სიყვარული და ცნობისმოყვარეობა გაუღვივოს და სამომავლოდ ეს პროცესი მისთვის საინტერესო საქმიანობად აქციოს.
(R)