საია - პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის შეგზავნაზე უარი უხეშად არღვევს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებს და ცენზურის შემაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის წიგნის შეგზავნაზე უარს გამოხატვის თავისუფლების დარღვევად და ცენზურად აფასებს.

საია-ს განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასაბუთება ცხადყოფს, რომ არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ორგანიზაციის განმარტებით, თავისუფლებააღკვეთილი პირების გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის ინფორმაციის მიღების უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუ ასეთი შეზღუდვა კანონიერების, ლეგიტიმურობის და აუცილებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის შეგზავნაზე უარი უხეშად არღვევს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებს და ცენზურის შემაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასაბუთება ცხადყოფს, რომ არსებული პრაქტიკა აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

2026 წლის აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავისუფლებააღკვეთილ პირს ლაშა ბუღაძის რომანი „დამკვირვებელი” არ გადასცა, რის მიზეზადაც წიგნის პოლიტიკური შინაარსი დაასახელა. მოგვიანებით, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ადვოკატ გიორგი ჩხეიძის განცხადებაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 24 აგვისტოს პასუხი, რომელშიც სამსახური წიგნის დაუშვებლად მიჩნევის მიზეზებს განმარტავს.

წერილში სამსახური მითითებას აკეთებს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1166-ის დანართი N2-ის მე-9 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს “წიგნი (ერთდროულად არაუმეტეს 3 ცალისა, გარდა იმ წიგნისა, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ან/და პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას)”.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილის მიხედვით: “ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებელი“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად”. წერილი დამატებით აღნიშნავს, რომ “გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი”.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და ადასტურებს ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის ინფორმაციის მიღების თვითნებურ შეზღუდვას, რაც ცენზურის გაუმართლებელ გამოვლინებად უნდა იქნეს მიჩნეული.

ინფორმაციის მიღების თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ეს მოიცავს ინფორმაციის მიღების უფლებას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მხატვრული ლიტერატურის გაცნობას. პირები, რომელთაც თავისუფლება აღკვეთილი აქვთ, კვლავ სარგებლობენ ადამიანის უფლებებით. თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებზე შეიძლება დაწესდეს ის შეზღუდვები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის პირობებში ყოფნიდან გამომდინარე გარდაუვალია. შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი პირების გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ინფორმაციის მიღების უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუ ასეთი შეზღუდვა კანონიერების, ლეგიტიმურობის და აუცილებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს ორგანოებმა პატიმრებისთვის გაგზავნილი პუბლიკაციების გადაცემაზე უარის თქმისას უნდა მიუთითონ საკმარისი საფუძვლები, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც პუბლიკაციებზე წვდომის შეზღუდვას ამართლებს (მათ შორის, ძალადობისკენ წაქეზება ან მისი გამართლება, ციხის უსაფრთხოების ან წესრიგის საფრთხის ქვეშ დაყენება ან დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა).

ევროპული სასამართლოს განმარტებით, პუბლიკაციის შესაბამისი მონაკვეთები მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მათზე უნდა ჩატარდეს ისეთი ანალიზი, რომელიც გამოავლენს კონკრეტულ კავშირს დაცენზურებულ შინაარსსა და ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს შორის. ამის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია პუბლიკაციის შინაარსზე აბსტრაქტული მითითება, პრობლემატური პასაჟების იდენტიფიცირების და ანალიზის გარეშე.

ცალსახაა, რომ წიგნის სათაურზე აბსტრაქტული მითითება ზემოთ მოყვანილ სტანდარტს უხეშად არღვევს. წარმოუდგენელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე არტისტულ გამოხატვას და მხატვრულ ლიტერატურას ეხება, სათაურის “ბუნდოვანება” ან მისი “ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შეუძლებლობა” იქნეს მიჩნეული პუბლიკაციის აკრძალვის საფუძვლად. ასეთი მიდგომა არ ადასტურებს შეზღუდვის აუცილებლობას და უხეშად არღვევს ინფორმაციის მიღების თავისუფლებას.

ამასთან, ბუნდოვანია, როგორ უნდა შეაფასოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არის თუ არა ნაწარმოები “გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას…” მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა საერთაშრისო სტანდარტები მსგავსი საფრთხის საფუძველზე უფლებაში ჩარევისთვის შინაარსზე ორიენტირებული ანალიზის ჩატარებას და საფრთხესა და აკრძალულ ტექსტს შორის მკაფიო კავშირის დადგენას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ბუღაძის წიგნი “დამკვირვებელი” დისტოპიური რომანია, რომელიც საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართველობას შეეხება. წიგნი 2026 წლის მარტში, ბიბლუსის წიგნის მაღაზიის ერთ-ერთ ფილიალში, სხვა წიგნებთან ერთად ვანდალიზმის სამიზნე გახდა. ამის ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პენიტენციური სამსახურის პოზიცია, რაც, რეალურად, წიგნის ანტი-ავტორიტარული შინაარსის გამო, მის პოლიტიკურ ცენზურაზე მიუთითებს“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა