წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული - მას, სავარაუდოდ, რუსეთში დეპორტაცია ემუქრება

გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული დენის კულანინი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად დენის კულანინს, ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე აქვს უფლება ისარგებლოს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლებით და დატოვოს ქვეყანა, როგორც წარმოშობის ასევე მესამე ქვეყნის მიმართულებით.

დენის კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. ის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისთანავე შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს, საიდანაც მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.

დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება