საქართველოში ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ განცხადებას Amnesty International-ი ავრცელებს.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალებას გამოეხმაურა.
„ცხრა დემონსტრანტის გათავისუფლება სასიხარულოა მათთვის და მათი ოჯახებისთვის, და ეს მისასალმებელია, თუმცა მართლმსაჯულება არ არის. მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლის გამო სამიზნეები გახდნენ, საერთოდ არ უნდა გამხდარიყვნენ დევნის ობიექტები მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის დაკისრება პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის“.
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის უკანონო გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და ძალის ბოროტად გამოყენების სხვა შემთხვევების შესახებ ყველა ცნობა დამოუკიდებლად და ეფექტიანად იქნება გამოძიებული, ხოლო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოხდება. ყველა პირი, რომელიც დაკავებულია მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენებისთვის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.