მოქალაქის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

„კრედო ბანკში“, ბანკის რამდენიმე თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, მოქალაქის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებმა, მენეჯერის კაბინეტში, მასზე ფიზიკურად იძალადეს. მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას სესხის თანხის გადახდა დაავიწყდა, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად „კრედო ბანკის“ კრედიტ-ოფიცერს ტელეფონზე ესაუბრა. მისი განმარტებით, ბანკის თანამშრომელი მას უხეშად ესაუბრა, რის შემდეგაც ვითარების გასარკვევად ფილიალში მივიდა. მისივე ინფორმაციით, ბანკში მისულს კრედიტ-ოფიცერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად გინებით უპასუხა, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

„დამავიწყდა თანხის შეტანა ჩემს განვადებაზე, მიკავშირდება ე.წ. კრედიტ-ოფიცერი, ვინმე მერაბი. ამ პიროვნებას ავუხსენი, რომ პრობლემა არის ბანკის მხრიდან, გაარკვიეთ საკითხი-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი იმიტომ, რომ საკმაოდ დაკავებული ვიყავი. რამდენიმე წამში გადმომირეკა ამ პიროვნებამ, მეუბნება, ალბათ, გაითიშა ჩვენი საუბარი, ტექნიკური ხარვეზიაო. მე ვუთხარი: არა, მე გაგითიშეთ იმიტომ, რომ ძალიან დაკავებული ვარ-მეთქი. მეუბნება, რომ თუ თქვენ არ გაინტერესებთ თქვენი საქმე, მაშინ, მე საერთოდ, რაში მაინტერესებსო. გარდა იმისა, რომ ნიშნის მოგებით, აგდებით მელაპარაკა“, - აცხადებს მოქალაქე.

მისივე თქმით, ტელეფონზე საუბრის შემდეგ, ბანკში მივიდა, რადგან უკმაყოფილება გამოეხატა. მოქალაქის თქმით, მენეჯერს აუხსნა, რომ ბანკის თანამშრომელი მას უხეშად ესაუბრა. როგორც მომხმარებელი განმარტავს, სწორედ მენეჯერთან საუბრის და ახსნის დროს, ოთახში აღნიშნული კრედიტ-ოფიცერი შევიდა, რომელმაც უხეშად დაიწყო საუბარი, უცენზურო სიტყვებით მიმართა, რაზეც თავადაც გინებით უპასუხა.

„ვეღარ მოვითმინე და შევაგინე. შეგინებისთანავე, პირველი თვითონ წამოვიდა მუშტებით, დამარტყა და მისი თანამშრომელი, რომელიც გვერდით მედგა მარჯვენა მხრიდან, მირტყამს მუშტს და წიხლს ბარძაყის არეში. აქედან ეს მირტყამს. წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ და მირტყამდნენ. ამ პროცესში რომელიღაც თანამშრომელმა ამათრია ტანისამოსით, შემომაგლიჯა ტანსაცმელი და მინიმუმ 50 მომხმარებლის წინაშე მიმათრევდნენ როგორც ვიღაც რეციდივისტს და დამნაშავეს. ვეუბნები, ხალხო, რას აკეთებთ, მცემთ? და ის მეორე, ვინც მირტყამდა, იქიდან ყვირის - გასალახი ხარ და გცემეთო“, - აცხადებს მოქალაქე ვიდეომიმართვაში, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, მოქალაქის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბანკში თანხის გადახდა დაავიწყდა, რასთან დაკავშირებითაც ბანკს დაუკავშირდა და მოახსენა, ასევე, საურავის გადახდაზეც თანხმობა განაცხადა. ადვოკატის თქმით, მიუხედავად ამისა, ბანკიდან მოქალაქეს ერთი დღის შემდეგ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მას კიდევ ჰქონდა დავალიანება.

„ბანკი ისევ უკავშირდება ერთი დღის შემდეგ და ეუბნება, რომ თქვენ კიდევ დავალიანება გაქვთო, ვინაიდან თქვენი ჩარიცხვის დღეს ვერ მოხერხდა თანხის ჩამოჭრა და კიდევ დამატებით სთხოვა, თან როგორც ის განმარტავს, ძალიან უხეშად ესაუბრებოდა ბანკის თანამშრომელი. ამის გასარკვევად მივიდა შემდეგ მენეჯერთან და ეს ინციდენტი მოხდა მენეჯერის სამუშაო ოთახში და იძალადეს მასზე ჯგუფურად“,- აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“.

საკითხთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ „კრედო ბანკს“ დაუკავშირდა. როგორც ბანკის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დასრულებული არ არის, შესაბამისად, მათი მხრიდან შეფასებების გაკეთება ნაადრევია.

„კრედო ბანკისთვის“ ცნობილია 2026 წლის 26 აგვისტოს ფილიალში, თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის, მომხდარი ინციდენტის შესახებ. საკითხს სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შემთხვევის დეტალური გადამოწმება. ინფორმირებულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიც. ვინაიდან მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, შეფასებების გაკეთება ნაადრევია. ბანკის მთავარი პრიორიტეტი როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვაა. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ, ბანკი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოქმედი პროცედურებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით“, - ნათქვამია „კრედო ბანკის“ განცხადებაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება