საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა ავრცელებს ახალ კვლევას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - სცდება მხოლოდ სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს და ხასიათდება რუსეთის პოლიტიკურ, სამართლებრივ, სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში მათი ეტაპობრივი და სისტემური ინტეგრაციის ტენდენციით.
კვლევის ავტორია, პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თადარიგის პოლკოვნიკი ალექსი ბარბაქაძე.
კვლევა 2008–2026 წლების დინამიკაზე დაყრდნობით აანალიზებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოყენებულ მექანიზმებს და ასკვნის, რომ ცალკეული პროცესები ერთმანეთთან დაკავშირებული ნაბიჯების სახით ქმნის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით განვითარებადი ინტეგრაციის ნიშნებს.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
„1. ოკუპაციიდან ფუნქციურ შთანთქმამდე
კვლევის მიხედვით, პროცესი შეიძლება აღიწეროს შემდეგი ჯაჭვით:
სამხედრო ოკუპაცია → ეფექტური კონტროლი → ინსტიტუციური დამოკიდებულება → სამართლებრივი ინტეგრაცია → დე ფაქტო ანექსიის ნიშნები.
ფორმალური სტატუსის შენარჩუნების მიუხედავად, ადგილობრივი ინსტიტუტების დამოუკიდებელი ფუნქციის სივრცე თანდათან მცირდება.
კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების რუსულ სისტემასთან დაახლოებას, ე.წ. საზღვრის კონტროლსა და ბორდერიზაციას, ასევე ადგილობრივი ფორმირებების რუსეთის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებას.
კვლევა აანალიზებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული კადრების როლის ზრდას ადგილობრივ ადმინისტრაციულ სისტემებში. მაგალითად მოყვანილია ალან გაგლოევის 2026 წელს რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე გადასვლა.
კვლევა განიხილავს რუსეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სივრცეზე დამოკიდებულების ზრდას, საკუთრებისა და სტრატეგიული აქტივების საკითხებს, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემას, ასევე პასპორტიზაციასა და მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას.
კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს განათლებისა და საინფორმაციო სივრცის რუსიფიკაცია, ქართული ენის პოზიციების შემცირება და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ არსებული პოლიტიკა. მაგალითად მოყვანილია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში განხორციელებული ცვლილებები, რასაც ავტორი ქართული კულტურული და არქიტექტურული იდენტობის კვალის შემცირების კონტექსტში განიხილავს.
დე ფაქტო ანექსიის ინტეგრირებული შეფასება კვლევაში გამოყენებული 5-ბალიანი შეფასების მიხედვით: აფხაზეთი — 4.1 / 5 ცხინვალის რეგიონი — 4.4 / 5“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვლევის ავტორის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს არა ერთჯერად მოვლენაზე, არამედ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესების ურთიერთდაკავშირებულ დინამიკაზე.
„ოკუპაცია იკავებს ტერიტორიას, ინტეგრაცია — ინსტიტუტებს, ხოლო საკადრო, ეკონომიკური და კულტურული წნეხი ცვლის სოციალურ ქსოვილს,“ — აცხადებს კვლევის ავტორი ალექსი ბარბაქაძე.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლევა საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს:
„შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ინტეგრაციისა და დე ფაქტო ანექსიის ნიშნების მუდმივი მონიტორინგის ეროვნული მექანიზმი და ორენოვანი მონაცემთა ბაზა; საერთაშორისო ანგარიშებში უფრო მკაფიოდ აისახოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი;
განიხილებოდეს მიზნობრივი საერთაშორისო ზომები იმ პირებისა და სტრუქტურების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ უკანონო ქონებრივ, ადმინისტრაციულ და ინტეგრაციულ პროცესებში”, - აღნშავენ ავტორები.
კვლევას საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის პრესსამსახური ავრცელებს.