მთავრობის დავალებით მოკლეს ჩემი შვილი. ტვინი გამოიყენეს და მოკლეს. ცოცხალი თავით არ გავჩერდებით, გამორიცხულია! - ამის შესახებ 2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად მორიგი აქცია გამართეს.
მისი თქმით, მისი შვილის საქმე დღემდე გამოძიებული არ არის, ოჯახი კი გაჩერებას არ აპირებს იქამდე, ვიდრე საქმის გამოძიება ბოლომდე არ მოხდება. მამა ამბობს, რომ საქმეში მოწმეები არსებობენ და სიმართლის დადგენის მოლოდინი აქვს.
„ჩვენ არ გავჩერდებით, ეს საქმე უნდა გამოიძიონ. აქ, სხვა გზა არ არსებობს. რაც დრო იწელება, აშკარად ჩანს, რომ ჩემი შვილი მოკლეს, ტვინი გამოიყენეს და მოკლეს. რომ იტყვიან, მკვლელი თავის თავს არ გამოიძიებს, ასე არის ამათი საქმე. აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით და დაიწყონ გამოძიება, სხვა გზა არ არსებობს. მოლოდინი კი, მაქვს, უბრალოდ, დროის ამბავია. რაც დრო იწელება, ესენი ერთმანეთს „ჩაუშვებენ“, ფაქტები მაქვს ხელში.
პროკურატურას ცოცხალი თავით არ უნდა გამოძიება, მკვლელი თავის თავს გამოიძიებს?
ჩემი შვილის საქმის გამოძიება არ ხდება.
სპეციალურად არის დავალება, ვისი მხრიდან? მთელი პროკურატურა, შსს, რა დღეში იყვნენ. ე.ი რჩება ერთი რამ - მთავრობის დავალებით მოკლეს ჩემი შვილი. ტვინი გამოიყენეს და მოკლეს, ცოცხალი თავით არ გავჩერდებით, გამორიცხულია!“- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი შვილის საქმის „გაყალბებით იყვნენ დაკავებულები".
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.