ნინო წილოსანი - გასაკვირი არაფერია, რომ მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო

გასაკვირი არაფერია, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება - ალბათ, ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს [რეგიონულ საკითხებს], ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ, უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება.

“ის ფაქტი, რომ მამუკა მდინარაძის ფაქტორიდან გამომდინარე, სამთავრობო სტრუქტურა კონკრეტულ ცვლილებას გადიოდა, ზუსტად პრემიერ-მინისტრის თქმითვე იყო დადასტურებული, რომ სწორედ მამუკა მდინარაძის ფიგურას, მის გამოცდილებას და კომპეტენციებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის და თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები იქნება, მათ შორის, რეგიონულ სამინისტროსთან დაკავშირებით. სამთავრობო ცვლილებები გველოდება ამ კუთხით, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც იყო დაანონსებული.

გარკვეულწილად მივესალმები [სამინისტროების გაერთიანებას], რადგან ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთად უფრო ქმედითი იყო. სამინისტროს გაყოფის შემდგომ პროცესმაც დაგვანახა, რომ ეფექტიანობა ამ კუთხით ნამდვილად არ გაზრდილა, ამიტომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ეს სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ, უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება. ჩვენი მხრიდან, თავისთავად, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. სხვადასხვა მიმართულებით, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია, თუ რეგიონული განვითარების შესახებ კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთვის იყო, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავის დროზე, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ალბათ, ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული. თითოეული მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც აღნიშნულ სამინისტროს ექნება დაკისრებული,” - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ისევ გაერთიანდება.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება