აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის პროექტის“ განხორციელებასთან დაკავშირებული შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები განიხილეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალიევის ოფისის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებული ტექსტის პარაფირებას.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტი, მესამე ქვეყნებიდან წარმოშობილი მარცვლეულისა და სხვა საქონლის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტრანზიტი, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მშვიდობის დივიდენდების მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოვლინებებია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიდერებმა განიხილეს „ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგის, პროექტ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელებასთან დაკავშირებული შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები და ხაზი გაუსვეს TRIPP-ის ფარგლებში დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას“.

„პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, პირდაპირი ორმხრივი ჩართულობით, გააგრძელონ ნაბიჯები მდგრადი მშვიდობის შემდგომი განმტკიცების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობისა და კავშირის გაძლიერების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს