ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გასულ კვირას, შვილებთან შეხვედრისთვის ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. მისივე თქმით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია. ადვოკატის განმარტებით, ის დღეს ხვდება ირაკლი ღარიბაშვილს.
„რაც ის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ, მას შემდეგ არ მინახავს ბატონი ირაკლი. ახლა, შევდივარ, რასაც მეტყვის იმას განგიცხადებთ, არ შევინახავ საიდუმლოდ.
შევალ, ვნახავ ბატონ ირაკლის და თუ გახდა საჭირო, თუ მითუმეტეს წერილის ფორმით იქნება, როგორც იქნება, ამის შესახებ განცხადებას გავაკეთებთ. მას ჰქონდა შვილებთან პაემანი ჩანიშნული და ის გაუუქმეს, წინა კვირაში იყო. არ ვიცით, რა იყო მიზეზი. ამის შესახებ თვითონაც განაცხადა. ასევე შემიძლია კონტრკითხვა დავსვა - რა იყო მიზეზი, თუნდაც მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება რომ დაიწყეს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ირაკლი ღარიბაშვილზე, ადვოკატი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა“.
„რა თქმა უნდა. მე მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, გულნატკენიც იმიტომ, რომ მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა „ტვ პირველთან“ ციხეში შესვლამდე.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება წაუყენეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.