[ვალერია კირლიუკიმ] რატომ დატოვა კარი დაკეტილი, რატომ არ დატოვა ღია, ან თუ ასე შეუძლოდ იყო, როგორ მოახერხა კარის დაკეტვა, ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს გამოძიებასთან, პროკურატურასთან, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს, - ამის შესახებ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქმეში ბუავას მეგობრების მიმართვის შემდეგ ჩაერთო, რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახს, ადვოკატის თქმით, ისინი საქართველოში დღეს, ან ხვალ ჩამოვლენ.
„აღნიშნულ საქმეზე გარდაცვლილის, დაურ ბუავას მეგობარმა მომართა ჩვენს ოფისს - „მართლმსაჯულების სახლს“. გუშინ შევხვდით გამოძიებას და დავაყენეთ შუამდგომლობები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვქონდა, დღეს პროკურორს ვესაუბრეთ და დაგვპირდა, რომ საქმის მასალებს გაგვაცნობს.
მუხლის გადაკვალიფიცირებას გუშინაც და გუშინწინაც ვითხოვდით, რადგან გამოძიების ვერსიას არ ვეთანხმებით, აღნიშნულ საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ვითხოვთ. აქ არანაირი თვითმკვლელობა არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, თუ რომელი მუხლით უნდა იყოს გადაკვალიფცირებული, ეს უკვე გამოძიების შემდეგ უნდა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
ველოდებით ოჯახს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, დღეს, ან ხვალ უნდა ჩამობრძანდეს ოჯახის წევრი.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს იყო განზრახული ქმედება თუ არა, რატომ დატოვა კარი დაკეტილი, რატომ არ დატოვა ღია, ან თუ ასე შეუძლოდ იყო, ძლივს გამოდის ლიფტიდან, როგორ მოახერხა კარის დაკეტვა, ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს გამოძიებასთან, პროკურატურასთან, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს“, - აცხადებს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში „გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.