ირაკლი კირცხალია - ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე - ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, არ დავუშვათ, საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე - ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი დეოკუპაციისთვის.

„გასული ზაფხულის განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ის უკვე აღარ ეხება მხოლოდ ხელისუფლებასა და ე.წ ოპოზიციას შორის ჩვეულებრივ დაპირისპირებას და პირდაპირ ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის მშვიდობიან მომავალს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოქმნილი აგენტურული ჯგუფების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ მოვისმინეთ განცხადებები, რომელთა შინაარსიც სცდება ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებს და აჩენს უმძიმეს კითხვებს, ვის ინტერესს ემსახურება ასეთი რიტორიკა? რას აძლევს ის საქართველოს და რაც მთავარია! რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის.

როდესაც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ლიდერი აფხაზეთის ომზე ისეთ განცხადებას აკეთებს, რომლის გამოც გენერალური პროკურატურა სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას იწყებს, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური პოლემიკის საკითხი, ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ ვხედავთ მეტად სახიფათო ტენდენციას: ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დღეს ცდილობენ ყველაზე მტკივნეული ეროვნული საკითხები კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ.

მათ რიტორიკაში კვლავ ჩნდება ისეთი გზავნილები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ქართულ და აფხაზ საზოგადოებებს შორის ისედაც ურთულესი ნდობის აღდგენის პროცესი, გააძლიეროს დაპირისპირება და შექმნას დამატებითი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ მტრული პროპაგანდისთვის. განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ მსგავსი განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილით აშენებს მშვიდობის, დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკას.

ამიტომ საჭიროა მკაფიოდ ითქვას: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე. ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს! დეოკუპაცია მშვიდობით! შერიგება ნდობით! და ქვეყნის გაერთიანება არა ახალი კონფლიქტით, არამედ ურთიერთობის აღდგენით.

ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ მცდელობებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ნდობის აღდგენას, ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და მშვიდობიან დარეგულირებას ემსახურება, გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის, პროვოკაციისა და ხელოვნური ესკალაციის საგანი. აქ საზოგადოებას სრული სიმართლის ცოდნის უფლება აქვს. საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული, სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა ინტერესს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის.

ამის შეფასებისთვის საკმარისია უახლეს ისტორიას გადავხედოთ. 2008 წლის უმძიმესი ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ვნახეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე ფორმულირებები. ვნახეთ, როგორ თანაარსებობდა ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკულ გაღრმავებასთან. ანუ ერთი იყო სიტყვა და მეორე საქმე. 2022 წლის შემდეგ კი იმავე პოლიტიკური წრის რიტორიკა სრულიად სხვა მიმართულებით შეიცვალა. უკვე გვესმოდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნა, საუბარი "მეორე ფრონტზე“, დაუსაბუთებელი ბრალდებები თითქოს საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა და მუდმივი მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყანა შესულიყო პირდაპირი ესკალაციის რეჟიმში. ყველა ამ მოწოდებას ერთი შესაძლო შედეგი ჰქონდა საქართველოში მშვიდობის რისკის ქვეშ დაყენება. დღეს ეს პოლიტიკური ხაზი განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როდესაც საქმე აფხაზეთს ეხება.

სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრება სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენი ნდობა ერთ დღეში დააზიანოს. აფხაზეთის თემა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი. ვინც ამ თემას შიდა პოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის შედეგი.

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი დეოკუპაციისთვის. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა, ეფექტური კონტროლი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი. ეს არის განსხვავება ხმაურიან რიტორიკასა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის. ჩვენ არც უკრაინის მხარდაჭერისგან დაგვიხევია უკან. საქართველო წლების განმავლობაში უერთდება და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებს.

ჩვენთვის პრინციპი მარტივია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია. ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე დროს ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა, მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება! ჩვენი მიზანია დეოკუპაცია! ჩვენი გზა მშვიდობა! ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო! სადაც ქართველი აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნიან. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს“,- განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება