პროკურატურა დაინტერესდა და როდესაც გამოკითხვაზე მივიდნენ, თქვეს: “არ ვიცით, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, გაზეთებიდან წავიკითხეთ” - ბიჭო, გაზეთებიდან წაიკითხე, არგუმენტი და მტკიცებულება არ გაქვს და ასე, "უპრაგონოდ" შეგიძლია დააბრალო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთავრობას, რომ ადამიანი მოკლა? - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „არ შეიძლება ამ რადიკალებს რამეში გაჰყვე და ირწმუნო, იმიტომ რომ ყველაფერი არის ტყუილი და სისულელე”.
„რამდენიმე დღეა ვისმენთ ამ სიგიჟეებს. როგორ შეიძლება უარგუმენტოდ, მტკიცებულებების გარეშე ხელისუფლებასა და მთავრობას რაღაც სიგიჟეები დააბრალო. ამის მომსწრენი ვართ რამდენიმე დღეა. ადამიანმა სიცოცხლე დაამთავრა თვითმკვლელობით - ეს დადასტურებულია, ოჯახის წევრები ყველა იქ იყო, ჩატარდა გასაუბრება, ექსპერტიზა. ამის შემდეგ ორი დღეა ეს უსამშობლოები ამტკიცებდნენ, რომ სხვა რეალობაა.
პროკურატურა დაინტერესდა და როდესაც გამოკითხვაზე მივიდნენ, თქვეს: “არ ვიცით, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, გაზეთებიდან წავიკითხეთ” - ბიჭო, გაზეთებიდან წაიკითხე, არგუმენტი და მტკიცებულება არ გაქვს და ასე, "უპრაგონოდ" შეგიძლია დააბრალო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთავრობას, რომ ადამიანი მოკლა?
ეს არის მათი მორიგი ლუსტრაცია. პირველი შემთხვევა ხომ არ არის? არ გახსოვთ, სანქციების არიდებაზე რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან ხდება სანქციების დარღვევით რუსეთისთვის რაღაცის მიწოდება? ასე აბრალებდნენ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს, აშავებდნენ ჩვენს ქვეყანას. შემდეგ ჩამოვიდნენ კომისიები, მათ შორის ამერიკიდან, თქვეს, რომ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდებაო და მერე მიჩუმდნენ. ზუსტად იგივე ილუსტრაცია მოხდა ახლაც. ამიტომ მათ არ დაეჯერებათ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე. არ შეიძლება ამ რადიკალებს რამეში გაჰყვე და ირწმუნო, იმიტომ რომ ყველაფერი არის ტყუილი და სისულელე”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კითხვაზე, უნდა გამოიკითხონ თუ არა ამ თემაზე ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, ზარქუამ უპასუხა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
„ამის საფუძველი არ არსებობს. რომელიმე მათგანს, ვინც ამას ამტკიცებდა, რამე არგუმენტი რომ წარმოედგინა კობახიძის ან მდინარაძის წინააღმდეგ, მაშინ შესაბამისი სტრუქტურა უფლებამოსილი იქნებოდა დაეკითხა ისინი. ვინც აბრალებდა, იმათ თქვეს, არაფერი ვიცით, პრესიდან გავიგეთ, ვიღაცის მოყოლილი წავიკითხეთ და იმიტომ ვთქვითო. ასეთი არგუმენტებით რანაირად შეიძლება ამ თემას გაჰყვე? გამორიცხულია, საფუძველი არ არსებობს! ეს იყო რადიკალებისა და მათთან აფილირებული ჯგუფების მორიგი მცდელობა ხელისუფლების გასაშავებლად. ამ სიგიჟეს ფარდა ახადეს შესაბამისმა სტრუქტურებმა და ამას გაგრძელება ვერ მოჰყვება”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
გუშინ, 3 სექტემბერს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
მათი ნაწილი გუშინ, საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოიკითხა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოიკითხებიან.