უკრაინული მედია - გაერთიანებული სამეფო უკრაინას 100 მილიონი ევროს ოდენობის „ზამთრის“ საჰაერო თავდაცვის პაკეტს გამოუყოფს, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტებს

გაერთიანებული სამეფო ზამთრის წინ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის პაკეტისთვის 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს (116 მილიონ ევროს) გამოყოფს, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იარაღის მიწოდება მოხდება PURL მექანიზმის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც უკრაინის მოკავშირეები მისი საჭიროებისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.

ახალი პაკეტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო უკრაინას ზამთარში რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან თავის დაცვაში დასახმარებლად საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლებს, მსხვილკალიბრიან საარტილერიო ჭურვებსა და დრონებს მიაწვდის.

Patriot-ის ტიპის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სხვა აღჭურვილობა უკრაინას ზამთრის დადგომამდე მიეწოდება, რაც მას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების დაცვაში დაეხმარება.

„მეც და პრემიერ-მინისტრმაც, კიევში ჩვენი პირველი ვიზიტების დროს, ნათლად გავაცნობიერეთ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ ზამთარში, რადგან პუტინი ემზადება ზამთრის იარაღად გამოსაყენებლად და სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე ბარბაროსული თავდასხმების გასაგრძელებლად. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ მოვახდენთ მოკავშირეების მობილიზებას და უფრო დიდ მხარდაჭერას გავუწევთ, სადაც კი შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა უეს სთრითინგმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს სთრინინგი უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) შეხვედრას, რომელიც 50 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსიაა და უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს. ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატის 36-ე შეხვედრა დღეს დისტანციურ რეჟიმში გაიმართება და მას გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები უხელმძღვანელებენ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა