ირაკლი კუპრაძე - „ანტიქართული ოცნება“ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას - ყველა ჩავარდნილი პროექტი არის არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგი

„ანტიქართული ოცნება“ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას. ყველა ჩავარდნილი პროექტი არის არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მონაცემებს, რომ 2026 წლის 8 თვეში საქართველოში ჯამში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა და შეუსრულებელი პროექტების საერთო ღირებულებამ 3 602 617 ლარი შეადგინა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, „ყველა ეს ჩავარდნილი პროექტი კავშირშია „ანტიქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მაღალჩინოსნებთან“.

„რეგიონების ამბავი არის მარტივად - „ანტიქართული ოცნება“ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას. ყველა ის ჩავარდნილი პროექტი არის არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგი. 3.6 მილიონი ლარი კი არა, ათეულობით მილიონი ლარის ძარცვა მიმდინარეობს ყოველთვიურად ჩავარდნილი პროექტების სახით. ყველა ეს ჩავარდნილი პროექტი კავშირშია „ანტიქართული ოცნების“ ჩინოვნიკებთან, მაღალჩინოსნებთან. ეს კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები და ასე მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის ძარცვა. მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში, ერთი და იმავე კომპანიას, რომელსაც მრავალგზის აქვს შეუსრულებელი პროექტი, მითვისებული ათეულობით მილიონი ლარი, თავიდან ისევ აძლევენ სხვადასხვა პროექტსა და ტენდერს შესასრულებლად. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ ძარცვა მიმდინარეობს. არავის არ სჯერა იმის, რომ ამ ნაძარცვიდან წილი არ მისდით „ქართულ ოცნებას“ და მის ჩინოვნიკებს. სხვა არგუმენტი არ არსებობს რატომ შეიძლება მისცე გაფუჭებულ, გაშავებულ, ყაჩაღ კომპანიებს სხვადასხვა ტენდერი და დააზარალო საზოგადოებრივი და სახალხო ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, როგორც BPN წერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 8 თვეში საქართველოში ჯამში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა. მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შეუსრულებელი პროექტების საერთო ღირებულებამ 3 602 617 ლარი შეადგინა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა