უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის კიევში გამართული მოლაპარაკებები სიმბოლოებით იყო სავსე, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემა ამ სიმბოლოებს შორის ასახელებს დონალდ ტრამპის წარმომადგენლების უკრაინის ტერიტორიაზე ჩასვლას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, იმ ფაქტს, რომ ისინი იძულებული გახდნენ მატარებლით ემგზავრათ, „რადგან ვერ გარისკავდნენ თვითმფრინავით მგზავრობას და რუსული დრონების „ცეცხლის რკალში“ გავლას - დრონების, რომლებიც იმ კაცის ბრძანებით იყო გაშვებული, რომელთან ერთადაც სულ რამდენიმე საათის წინ კრემლში მაგიდასთან ისხდნენ“.
BBC-ის შეფასებით, სიმბოლური იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კიევის წმინდა სოფიას ტაძრის ტერიტორიაზე დახვდა, რადგან ამ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში, პარასკევს რუსეთმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე დრონებით შეტევა განახორციელა.
გამოცემა წერს, რომ მოლაპარაკებების გამართვის მიუხედავად მხარეებს შორის ფუნდამენტური განსხვავებები კვლავ არსებობს.
„თუმცა, ფუნდამენტური განსხვავებები კვლავ რჩება. აშშ-ის ელჩები კიევში პირდაპირ მოსკოვიდან ჩავიდნენ, სადაც ვლადიმერ პუტინმა მათ განუცხადა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე „ხელშესახებ წინსვლას“ აღწევს“, - აღნიშნულია სტატიაში.
BBC-ი წერს, რომ უკრაინისგან მოსმენილი ისტორია განსხვავებული იყო, უფრო ზუსტად, საწინააღმდეგოც კი. უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აგვისტოში მათ მეტი ტერიტორია მოიპოვეს, ვიდრე დაკარგეს და რუსეთის მხრიდან 42 000 ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.
პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებს ასევე განუცხადა, რომ კონფლიქტის გამომწვევი ძირეული მიზეზები უნდა მოგვარდეს, რაშიც, BBC-ის განმარტებით, გულისხმობდა მის დიდი ხნის სტრატეგიულ მოთხოვნებს, რომ უკრაინამ დათმოს ტერიტორიები, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების იმედზე და შეამციროს თავისი არმიის რაოდენობა.
„მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დასჭირდება უსაფრთხოების ძლიერი და მკაფიო გარანტიები, მათ შორის ძლიერი არმიის შენარჩუნების შესაძლებლობა. მას არ მიუნიშნებია, რომ მზად არის დონბასის რეგიონში ტერიტორიის დათმობისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.
BBC-ი ციტირებს უიტკოფის განცხადებას, რომ პროგრესი მიღწეულია და შეთანხმების ინგრედიენტები არსებობს.
„თუმცა, მან აღიარა, რომ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა მათ შორის არსებული უთანხმოების შესამცირებლად. ამჟამად, ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე მხარე ამას გააკეთებს. ამგვარად, ამ ეტაპზე კიევში არსებობს მოლოდინი, რომ ბრძოლები გაგრძელდება და მათ მძიმე ზამთარი ელით. დიპლომატების ნაწილი მომავალ გაზაფხულზე შესაძლო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის ფანჯარაზე საუბრობს, ნაწილი კი ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი“, - წერს BBC-ი.