ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბელგრადში, რატკო მლადიჩის დაკრძალვიდან კადრები შოკისმომგვრელი იყო - ის პასუხისმგებელი იყო გენოციდზე, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

ბელგრადში, რატკო მლადიჩის დაკრძალვიდან კადრები შოკისმომგვრელი იყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი გენოციდისთვის გასამართლებული, ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მთავარსარდლის, რატკო მლადიჩის ბელგრადში გამართულ გუშინდელ დაკრძალვას გამოეხმაურა. სერბეთის დედაქალაქში მლადიჩის დაკრძალვის ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო.

„რატკო მლადიჩი მსჯავრდებული ომის დამნაშავე იყო. ის პასუხისმგებელი იყო გენოციდზე, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ის გარდაიცვალა სამუდამო პატიმრობაში, რომელსაც სრებრენიცას გენოციდისა და სხვა დანაშაულებისთვის იხდიდა“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დაკრძალვას ზოგიერთი სერბი ოფიციალური პირი ესწრებოდა ღრმად სამწუხაროა.

ცნობისთვის, რატკო მლადიჩი 27 აგვისტოს, ჰააგაში გაერო-ს დაკავების ცენტრში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მლადიჩი 1992-1995 წლების ბოსნიის ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, გენოციდისა და სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობას იხდიდა. ჰააგის ტრიბუნალმა რატკო მლადიჩს განაჩენი 2017 წელს გამოუტანა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა