ლელა ჯეჯელავა - ფარცხალაძის პატრიოტიზმი არ გაიშვა, რუსულ ომში წასვლა ეს არის ვალდებულება - პუტინი ავალდებულებს ბიზნესმენებს, შექმნან საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელსაც თავად შეინახავენ და ფრონტზე ყოფნას უზრუნველყოფენ

ფარცხალაძის პატრიოტიზმი არ გაიშვა, რუსულ ომში წასვლა ეს არის ვალდებულება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო და მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, „პუტინი ავალდებულებს ბიზნესმენებს, რომ შექმნან საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელსაც თავად შეინახავენ, შეაიარაღებენ და ფრონტზე ყოფნას უზრუნველყოფენ“.

„ოთარ ფარცხალაძემ რაც არ უნდა დაიმატოს გვარში, ჰაბსბურგიც რომ დაემატოს რომანოვის გარდა, ან უინძორი, ვფიქრობ, ცალკე საუბრად არ ღირს. პუტინი ავალდებულებს ბიზნესმენებს, რომ შექმნან საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფებები, ე.წ. ЧВК, ავალდებულებს, რომ ჰყავდეთ შეიარაღებული ძალები, რომელსაც თავად შეინახავენ, შეაიარაღებენ და ფრონტზე ყოფნას უზრუნველყოფენ. ფარცხალაძის პატრიოტიზმი არ გაიშვა, თუნდაც რუსული ომში რომ გავარდა. ეს არის ვალდებულება.

იმედია, ე.წ. ЧВК-ს არ აქცევს „მეთერთმეტე არმიად“ და თავში არ უდევს, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს. შეიძლება ესეც გააკეთოს, თანამედროვე მეთერთმეტე არმიის ანალოგი შემოვიდეს საქართველოში“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებიც შეაფასა. ჯეჯელავას აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის „წერილებში შიში ჩანს“.

„ბუნებრივი და ლეგიტიმურია ეს შიში. ვფიქრობ, ყოფილმა პრემიერმა გადასარევად იცის, რა შეიძლება მოხდეს იმ სისტემის პირობებში, რომლის ერთ-ერთი შემქმნელიც თავად იყო.

შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილს ფიზიკური უსაფრთხოებას რისკები შეექმნას და ვალდებულად გრძნობს თავს, ასე დაიცვას ფიზიკური უსაფრთხოება. პოლიტიკურ ბრძოლას რომ არ აპირებდა იმაზეც ჩანს, რომ მისი ცოლის ძმა ერთ წერილში წერს, რომ „ირაკლიმ თქვა, თუ ბიძინას დასჭირდება ციხეშიც წავალო“. ამის შემდეგ რა უნდა მომხდარიყო, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში წასულიყო.

კობახიძე ბევრად გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ღარიბაშვილი, როდესაც მარტივად მოიხსნა პასუხისმგებლობა, მან თქვა, რომ რასაც აკეთებდა მათ შორის ღარიბაშვილთან მიმართებაში, ეს იყო ივანიშვილის კარნახით, მისი გადაწყვეტილებით შესრულებული.

თუ ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე ვითომ ივანიშვილმა პასუხისმგებლობა იმით მოიხსნა, რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და მთელი ეს გუნდი ციხეში შეყარა, ბოდიში, კობახიძესთან დაკავშირებით ამას ასე მარტივად ვერ გააკეთებს“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, როგორც საფრანგეთის შესაძლო აგენტს და ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ჯეჯელავამ განმარტა: „გახარია „დიფ სტეიტმა“ დაანიშვნინა, ღარიბაშვილი საფრანგეთის აგენტი იყო, ზურაბიშვილი მთლად აგენტია და თავად ეს კაცი ვინ არის? მისი მოყვანილი არ არის ეს ხალხი? ვისი აგენტია თავად? თუ „დიფ სთეთმა“ დაანიშვნინა გახარია, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ დანიშნა? რატომ არ იყო ასეთი მამაცი, როგორც კობახიძესთან დაკავშირებით არის “,- აღნიშნა ჯეჯელავამ.

გარდა შიდაპოლიტიკური საკითხებისა, ანალიტიკოსმა გადაცემაში გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზეც, მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების პერსპექტივაზეც ისაუბრა. ჯეჯელავას თქმით, რუსეთი ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის დამარცხებისას, ოღონდ მას არ უნდა დამარცხება უკრაინასთან და შესაძლოა, გაითამაშოს ევროპასთან დამარცხების სცენარი, თუ ის შეუტევს რომელიღაც ევროპულ ქვეყანას.

„დიდი ხანია რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა ამ საკითხს ამზადეს, რომ „აი, რუსეთი ევროპასთან ომშია ჩართული“, “რუსეთი ნატოსთან ომშია“... გერმანიასთან ურთიერთობების გართულება სავარაუდო იყო ამ პროპაგანდისტული ნარატივების ანალიზის კვალდაკვალ.

არსებობს შესაძლებლობა რუსეთმა პროვოცირება გააკეთოს, უშუალოდ სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს, ოღონდ არა ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი, არამედ ეს მოხდეს რომელიღაც ევროპულ ქვეყანასთან და ასე მოხდეს ამ ომის შეწყვეტა.

დათმობები, რომელიც მოუწევს რუსეთს, შესაძლოა, ევროპასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით შემოიფარგლოს და არა უშუალოდ უკრაინასთან.

მე ვერ ვხედავ რამდენიმე თვეში ომის დასრულების პერსპექტივას. ნამდვილად რთული იქნება უკრაინისთვის ომის გაგრძელება, მით უმეტეს ვხედავთ, რომ არამარტო უკრაინა ანადგურებს რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურას, არამედ პირიქითაც ხდება“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

გარდა ამისა, მან გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებასა და ფრიდრიხ მერცის განცხადებაზეც ისაუბრა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ის არ მოელის, რომ „გერმანიის ალტერნატივა“ შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას. ამასთან აღნიშნავს, რომ მერცს მართლაც მოუწევს საკუთარი პოლიტიკის ცვლილება.

„ვფიქრობ, ეს არის შიდა მოხმარების თემა წინასაარჩევნოდ. ვაიდელის პარტია ამბობს, რომ უკრაინას ვეღარ დაეხმარება. ეს წინასაარჩევნო პროპაგანდისტული მეთოდია. კარგად ისმინება მოქალაქეებისთვის, რომ თქვენი ფული თქვენ მოგხმარდებათ და არა უკრაინას. მაგრამ, როდესაც ოპოზიციური პარტია ხარ და მოდიხარ ხელისუფლებაში, აცნობიერებ უსაფრთხოება როგორ გაქვს შესანარჩუნებელი. ცალკე საკითხია როგორ არის ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებული იმაზე, რომ უკრაინა ბრძოლას აგრძელებს ამას ვერ გაექცევა ვერც „გერმანიის ალტერნატივა“ და ვერც სხვა.

მე არ ველი, რომ „გერმანიის ალტერნატივა“ შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას. მერცს მართლა მოუწევს საკუთარი პოლიტიკის ცვლილება და უფრო მეტად მიგრაციის საკითხებზე დაფიქრება, ნელ-ნელა გერმანია თავისი ღირებულებების მძევალი ხდება, თუ არ შეიცვალა რაღაც, მერცს მოუწევს კატეგორიული ზომები მიიღოს“,- აღნიშნა ჯეჯელავამ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა