საქართველოს პროფკავშირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ხელმძღვანელობის პირობებში გაეროს შრომის სააგენტო ILO-მ გააძლიეროს არა მხოლოდ სოციალური დიალოგისა და შრომითი უფლებების დაცვა, არამედ რეალური მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნებს საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციების პრაქტიკაში განხორციელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქართველოს ინტერესშია, სააგენტოს ახალი დირექტორის არჩევნებამდე მიმდინარე პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე სოციალური პარტნიორები.
„შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) - გაეროს ერთადერთი სამმხრივი სპეციალიზებული სააგენტო, სადაც გადაწყვეტილებების მიღებაში მთავრობებთან ერთად დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლები მონაწილეობენ, ახალი გენერალური დირექტორის არჩევისთვის ემზადება. არჩევნები 2026 წლის 16 ნოემბერს, ILO-ს მმართველი საბჭოს ფარული კენჭისყრით გაიმართება, ხოლო არჩეული გენერალური დირექტორი უფლებამოსილების შესრულებას 2027 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება. არჩევნებამდე, 23 სექტემბერს, დაგეგმილია კანდიდატების მონაწილეობით საჯარო ინტერაქციული ღონისძიება, 9 ნოემბერს კი - კანდიდატთა მოსმენები.
ეს არჩევნები მხოლოდ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის შერჩევა არ არის. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს შრომის საერთაშორისო ბიუროს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ILO-ს პოლიტიკური და პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებაში, საერთაშორისო დღის წესრიგის წარმოჩენასა და წევრ ქვეყნებთან ადვოკატირების პროცესში. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პირობებში განისაზღვრება, რამდენად აქტიურად გააძლიერებს ორგანიზაცია წევრ ქვეყნებში მიღებული საერთაშორისო შრომითი სტანდარტებისა და რატიფიცირებული კონვენციების პრაქტიკაში შესრულების მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებასა და პოლიტიკურ ადვოკატირებას.
საქართველოსთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველო ILO-ს წევრია 1993 წლიდან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ქვეყნის შრომითი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სოციალური დიალოგის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს ILO -სთან 18 კონვენცია აქვს რატიფიცირებული, მათ შორის რვა ფუნდამენტური კონვენცია. შესაბამისად, მომავალი ხელმძღვანელობის კურსი პირდაპირ უკავშირდება იმ საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ქვეყანამ უნდა განავითაროს გაერთიანების თავისუფლება, კოლექტიური მოლაპარაკებები, ღირსეული და თანაბარი ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო, სოციალური დაცვა, შრომის ინსპექციის ეფექტიანობა და დასაქმებულთა უფლებების რეალური დაცვა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ქალთა შრომითი უფლებებისა და სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის საკითხებსაც. ILO-ს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული კანდიდატები არიან მოქმედი გენერალური დირექტორი, ტოგოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გილბერტ ფ. ჰუნგბო (Gilbert F. Houngbo), ესპანეთის ვიცე-პრემიერი და შრომისა და სოციალური ეკონომიკის მინისტრი იოლანდა დიას პერესი (Yolanda Díaz Pérez) და პერუს წარმომადგენელი ხავიერ გონსალეს-ოლაეჩეა ფრანკო (Javier González-Olaechea Franco).
კანდიდატებმა მხარდაჭერის მოსაპოვებლად მიმართეს საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობას, მათ შორის მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციას (ITUC). ამ ეტაპზე პროფკავშირულ წრეებში ძირითადი მხარდაჭერა და განხილვა ორ კანდიდატზე: გილბერტ ჰუნგბოსა და იოლანდა დიას პერესზე კონცენტრირდება;
კანდიდატთა პროგრამების, ხედვებისა და პროფკავშირული პრიორიტეტების შესაბამისობის შეფასება არჩევნებამდე მიმდინარე საერთაშორისო კონსულტაციების მნიშვნელოვანი ნაწილია.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად არის ჩართული მსოფლიო პროფკავშირულ საქმიანობაში. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციას (ITUC), რომელიც გლობალურ დონეზე წარმოადგენს დასაქმებულთა ინტერესებს და მნიშვნელოვანი აქტორია ILO-ს ფარგლებში პროფკავშირული პოზიციების, პრიორიტეტებისა და საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი, ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC)-ის ხელმძღვანელ სტრუქტურებშია წარმოდგენილი. ის ამ ორგანიზაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს და შესაბამისად კანდიდატთა პროგრამებისა და პოზიციების განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობს. მისი ჩართულობა საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობას შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო პროფკავშირულ დისკუსიებში და საქართველოსა და რეგიონის შრომითი გამოწვევები გლობალურ დღის წესრიგში გააჟღეროს.
საქართველოს პროფკავშირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ხელმძღვანელობის პირობებში ILO-მ გააძლიეროს არა მხოლოდ სოციალური დიალოგისა და შრომითი უფლებების დაცვა, არამედ რეალური მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნებს საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციების პრაქტიკაში განხორციელებაში. ახალი გენერალური დირექტორის დღის წესრიგში ასევე მნიშვნელოვანი იქნება შრომის სამყაროს სწრაფი ცვლილებები: ციფრული და პლატფორმული დასაქმება, ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის გავლენა სამუშაო ადგილებზე, არაფორმალური დასაქმება, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული „სამართლიანი გარდაქმნა“ და დასაქმების ახალი ფორმების პირობებში სოციალური დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს ინტერესშია, არჩევნებამდე მიმდინარე პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე სოციალური პარტნიორები; შეფასდეს სამივე კანდიდატის ხედვა საქართველოსა და რეგიონის გამოწვევებზე და მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს შრომითი უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და საერთაშორისო სტანდარტების რეალური შესრულების ინტერესებიდან გამომდინარე. სექტემბრიდან 16 ნოემბრის არჩევნებამდე პერიოდი სწორედ კანდიდატთა საერთაშორისო მხარდაჭერის ჩამოყალიბებისა და მათი პროგრამების შეფასების გადამწყვეტი ეტაპია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.