ევროკომისიის პრესსპიკერი უნგრეთიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევებაზე - ეს მოსალოდნელი რეაქციაა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს მუდმივად ახორციელებს

მხედველობაში ვიღებთ უნგრეთის ლეგიტიმურ გადაწყვეტილებას. ეს მოსალოდნელი რეაქციაა [იმის გათვალისწინებით], რომ რუსეთი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს მუდმივად ახორციელებს, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო საქმეებში კრისტიან ვიგანდი უნგრეთის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.

მისი თქმით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უნგრეთს.

„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უნგრეთს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ყველა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის მიმართ, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ხორციელდება. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას უნგრეთთან და სხვა წევრ სახელმწიფოებთან და ბლოკის მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიმართ ერთგული რჩება“,- აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის, განცხადებით, უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატებისთვის მიუღებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უნგრეთიდან დიპლომატების გაძევებას პასუხს გასცემს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს