საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა AI სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - აკადემიური, კვლევითი და ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ინტერდისციპლინური მიდგომის საფუძველზე გამოკვეთს ხელოვნური ინტელექტის როლს მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

ცენტრის შექმნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პერიოდში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ხდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ამავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე. ქვეყნისთვის AI-ის განვითარება მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას აღარ ნიშნავს - ის პირდაპირ უკავშირდება ახალი ცოდნის შექმნას, ეკონომიკურ განვითარებას, კონკურენტუნარიანობასა და ქვეყნის ციფრულ მომავალს.

ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გააერთიანებს სამეცნიერო, აკადემიურ, საერთაშორისო და საინფორმაციო კომპონენტებს. მისი მრავალმხრივი ბუნება გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო და აკადემიური პროექტების განხორციელებას, არამედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შექმნას საჯარო, კერძო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების გასაერთიანებლად, რაც აუცილებელია სახელმწიფოებრივ დონეზე ინოვაციური ციფრული პოლიტიკის დღის წესრიგის შესამუშავებლად, განსახორციელებლად.

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამეცნიერო კვლევა რეალურ ტექნოლოგიურ პროდუქტად და პრაქტიკულ გადაწყვეტად გარდაქმნას.

ცენტრის ფარგლებში უკვე იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება:

  1. Lumen AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჰიბრიდული სწავლების მოდელი

Lumen AI ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო განათლებაში ინტეგრირების ახალ მოდელს წარმოადგენს. პროექტი სტარტს 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან იღებს. მისი მიზანია შეისწავლოს, როგორ შეიძლება AI გახდეს სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი დამხმარე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ექსპერიმენტული აკადემიური კვლევა, რომელშიც ერთი და იგივე სასწავლო პროგრამა სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფში ჩატარდება ორი განსხვავებული მეთოდით - კლასიკური სწავლების მოდელით და ჰიბრიდული სწავლების მოდელით - ლექტორისა და AI-მენტორის ერთობლივი მონაწილეობით.

  1. AI ტერმინოლოგიის პირველი ქართულენოვანი ლექსიკონისა და ხელოვნურ ინტელექტში პირველი სრულყოფილი ქართული სახელმძღვანელოს შექმნა

ეს იქნება ცენტრის მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებული სფეროების ძირითად ცნებებსა და ტერმინებს. ლექსიკონი მიზნად ისახავს საერთაშორისო ტერმინოლოგიისთვის ზუსტი, ერთგვაროვანი და აკადემიურად გამართული ქართული ეკვივალენტების შექმნას და ქართულენოვანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას. თანამედროვე ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის სახელმძღვანელო განკუთვნილი იქნება სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, მკვლევრებისთვის და დაინტერესებული პირებისათვის.

  1. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პრაქტიკული გადაწყვეტილებების შექმნა სახელმწიფო სექტორისთვის - AI-ზე დაფუძნებული საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი და ანალიზი

პლატფორმა საშუალებას მისცემს სახელმწიფო მმართველობით სისტემებს, მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, AI მეთოდების გამოყენებით გააკეთონ მომავალი წლების მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი >95%-ზე მეტი სიზუსტით და პარამეტრების ცვლილებით მოახდინონ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების საუკეთესო გზის დაგეგვმა.

ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის სათანადო გარემოს შექმნა. კერძოდ, ისინი, ცენტრის ბაზაზე, შეძლებენ:

  • განავითარონ ინოვაციური კვლევითი იდეები;
  • შექმნან ექსპერიმენტული AI მოდელები;
  • გამოსცადონ კვლევის შედეგები რეალურ გარემოში;
  • შექმნან პროგრამული პროდუქტები და პროტოტიპები;
  • მოამზადონ საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციები;
  • ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში.

გრძელვადიან პერსპექტივაში კავკასიის უნივერსიტეტის AI სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიზანია გახდეს ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და ინოვაციის ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური პლატფორმა საქართველოში, გააფართოვოს საერთაშორისო პარტნიორობა და თავისი წვლილი შეიტანოს ახალი თაობის AI მეცნიერების, მკვლევრებისა და სპეციალისტების მომზადებაში.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა