საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას, სასამართლოს თავმჯდომარე ფარჰად აბდულაევის, მოსამართლე რაშიდ რზაევისა და სასამართლოს გენერალური მდივნის ანარ ბაბაევის შემადგენლობით საკონსტიტუციო სასამართლოში უმასპინძლა. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა თემაზე: - „საკონსტიტუციო სასამართლოების დიალოგი და რეგიონული თანამშრომლობა სამართლის უზენაესობის განმტკიცებისთვის“ გაიმართა.
„დიალოგის ფორმატში, თემატური მოხსენებები როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, ასევე, სტუმრებმაც წარმოადგინეს. მათ ორი ქვეყნის საკონსტიტუციო კონტროლის სისტემური ფუნქციონირების საკითხებზე და რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის აუცილებლობასა და საკონსტიტუციო სასამართლოების როლზე, კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით.
მხარეები ორმხრივი დიალოგის განმტკიცებასა და საქართველო - აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ კოლეგას სტუმრობისათვის და გამოთქვა მზაობა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.