ეკა კუპატაძე - ნია იმნაძეს ვედავებით წაქეზებას - დიახ, ის არის ტიპური მანიპულატორი და თავისი მანიპულაციური ტექნიკებით წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი, რათა მოეკლა უდანაშაულო, სპეტაკი და ღირსეული ახალგაზრდა, გიგა ავალიანი

ნია იმნაძეს ვედავებით წაქეზებას - დიახ, ის არის ტიპური მანიპულატორი და თავისი მანიპულაციური ტექნიკებით წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი, რათა მოეკლა უდანაშაულო, სპეტაკი და ღირსეული ახალგაზრდა, გიგა ავალიანი! - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არის უხვი, პირდაპირი თუ ირიბი, მყარი მტკიცებულებები, რაც ნია იმნაძის ბრალეულობას დაადასტურებს.

„ნია იმნაძეს ვედავებით წაქეზებას. დიახ, ის არის ტიპური მანიპულატორი და თავისი მანიპულაციური ტექნიკებით წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი, რათა მოეკლა უდანაშაულო, სპეტაკი და ღირსეული ახალგაზრდა, გიგა ავალიანი. საქმეში არის უხვი, პირდაპირი თუ ირიბი, მყარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ნია იმნაძის ბრალეულობას. არ ვიცი, რა მანიპულაციური თუ ფლიდური მეთოდებით იბრძოლებს გიორგი ლეკიშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სასამართლო მის სისულელეებს არ გაიზიარებს“, - განაცხადა კუპატაძემ.

კუპატაძის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ნია იმნაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

„მე არაერთხელ დავესწარი სასამართლო პროცესებს და თვალებში ჩავხედე იმ ხალხს, ვინც ჩემს შვილიკოს, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. თუმცა დღევანდელი სასამართლო პროცესი ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია გასაგები მიზეზების გამო - ეს ნია იმნაძის წინასასამართლო სხდომის დღეა.

ყველა სახელი და გვარი, ვისიც გესმით, ყველა სილუეტი, ვისაც ტელეეკრანებიდან ხედავთ, ნებისმიერი სახე, ვინც გიგა ავალიანის საქმეში ფიგურირებს, ერთნაირი ღირებულებების მატარებელია. თუმცა, ყველაზე მსუქანი და მუქი შტრიხკოდი სწორედ პატივცემულ გიორგი ლეკიშვილს აქვს, რომელიც არავისთვის რჩება შეუმჩნეველი. ის ფლიდი და მანიპულატორი ადამიანია. მისი ბრძოლის მეთოდებიც სწორედ მანიპულაციასა და ფლიდობაზეა აგებული. ის დაკავების პირველივე წამიდან, რომ მანიპულირებდა, ამას ხედავდით. თუმცა, საზოგადოებაზე სრული მანიპულირება ვერ მოახერხა, რადგან არ გამოადგა უვიცი ვალე - ნია იმნაძის მამა. ის შეუმდგარი პიროვნებაა და მასზე დაკისრებული როლი, მიუხედავად იმისა, რომ დამემუქრა, კარგად ვერ შეასრულა. სამაგიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ვერ აიყოლია ამ პროვოკაციაში. ახლა ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი თაკოს წამოსწევს წინა პლანზე. თუმცა, ალბათ ფიქრობს, რომ მას თაკოც ვერ გამოადგება, რადგან ჯერ ლექსიკონი და მანერები აქვს დასახვეწი. დაველოდოთ გიორგი ლეკიშვილის სიურპრიზებს. მას ესმის ჩემი ხმა, ურცხვად დგას აქ და ჰგონია, ჩემზეც მოახდენს მანიპულაციას. ის ვერაფერს მიზამს! ჩემსავით მებრძოლი რომ იყოთ, გიორგი ლეკიშვილო, ჩემსავით უნდა გამწარდეთ! შვილიც რომ მოგიკვდეთ - ამას არ ვიკადრებ - მაინც ვერ გამწარდებით ჩემსავით, ვერ გაზრდით ისეთ შვილს, როგორიც მე გავზარდე! თავხედურად დგას ჩემ წინ, მაგრამ იცოდეს - თუ დაიწყებთ, მე დავასრულებ გიორგი ლეკიშვილს“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გარდა ამისა, ეკა კუპატაძემ ამავე საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მალანიას მამას, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მერაბ მალანიას მიმართა და აღნიშნა: „მერაბ მალანიავ, მრავალგზის გაგაფრთხილე, მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე წარმოგიდგენია!“.

„გიორგი მალანიას მამავ, მერაბ მალანიავ, შენთან ერთად შენმა შვილმა ორი ჩვენება მისცა. ორივე ჩვენებაში მის დანაშაულზე ბევრი რამ მეტყველებს, მაგრამ როცა მის უდანაშაულობაზე საუბრობს, მარტო ერთ პატარა წინადადებას ვიტყვი ყოფილი პოლიციელისთვის. შენს შვილს შენთან ერთად მიცემულ ჩვენებაში უწერია: „ალექსანდრე გაბაშვილს არ გავყევი იმიტომ, რომ ნიაკოს ეწყინებოდა“. როგორც ალექსანდრე გაბაშვილის ადვოკატი ამბობს, თურმე ალექსანდრე გაბაშვილი უნდა შეხვედროდა გიგა ავალიანს იმისთვის, რომ ჭკუა დაერიგებინათ. ახლა ისევ მერაბ მალანიას მივმართავ: ნიაკოს რომ არ სწყენოდა და შენი შვილი გაჰყოლოდა ალექსანდრე გაბაშვილს მასწავლებელთან ქუჩაში საქმის გასარჩევად, ყოფილო პოლიციელო, ეს მოსულა? დანაშაული არ არის?

მერაბ მალანიავ, ყოფილო პოლიციელო, შენი შვილი ახლა რომ არ დაეკავებინათ - მაშინ, როცა ნიაკოს პრობლემებზე ასე გაღიზიანებული იყო - მას სწავლა გაეგრძელებინა და მასწავლებელთან რაიმე ინციდენტი მოსვლოდა, შენი შვილი უნდა წასულიყო და მასწავლებელთან ქუჩურად, ძველ ბიჭებთან ერთად გარჩია საქმე? ეს მოსულა? შენმა ცოლმა, ვერიკო ქარჩავამ, როცა ჩემი შვილი პირადად ნახა, გიგა ავალიანი ის პიროვნება იყო, ვისაც ქუჩაში საქმეს ურჩევენ? შენ ყველაზე კარგად იცი, რომ შენი შვილი დამნაშავეა. სწორედ ეს მუხლი ყველაზე მეტად გჭირდება და გაწყობს, რადგან სულ მცირე, შეუტყობინებლობაზე ხომ დაიჭერდნენ? ხოლო თუ შეუტყობინებლობით დააკავებდნენ, მაშინ იმავე მუხლით დააკავებდნენ შენც, შენს ცოლსაც და სხვა მრავალსაც! მერაბ მალანიავ, მრავალგზის გაგაფრთხილე, მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე წარმოგიდგენია!“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნია იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა