მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხრიდან არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი იღებდა სხდომის მიმდინარეობას. ასევე, სასამართლოს ეზოში მოძრაობა ჩამწერი მოწყობილობით ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი ლეკიშვილის კოლეგაა.
პროკურორი აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები სავარაუდოდ მიზნად ისახავს, დაზარალებული მხარეზე უკანონო ემოციურ ზემოქმედებას.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არაერთ პროვოკაციულ ქმედებას ჰქონდა ადგილი დაცვის მხარის მხრიდან. სხდომის მიმდინარეობის პროცესში თავად მანდატურმა აღმოაჩინა, რომ გიორგი ლეკიშვილი პირდაპირ ეთერში ვიღაცას გადასცემდა, ასმენინებდა დახურული სხდომის მიმდინარეობის შესახებ და ასევე,იღებდა სხდომის მიმდინარეობას. მანდატურმა ამას არაერთხელ მისცა შენიშვნა და სცადა მის ტელეფონში ჩანაწერის განადგურება, თუმცა მან ტელეფონი უკან წაიღო და მანდატურს გადამოწმების შესაძლებლობა არ მისცა. პროვოკაციული ქმედებები დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. ქალბატონი, სავარაუდოდ ბატონი გიორგი კოლეგა, მოძრაობა ჩამწერი მოწყობილობით და ამის შესახებაც მანდატურის სამსახურმა შეგვატყობინა ჩვენც. სხდომა რომ დასრულდა და ვტოვებდით სასამართლოს ეზოს, ამის შემდეგაც აღნიშნული პიროვნება მოძრაობდა ეზოს ტერიტორიაზე და მან მიაძახა ქალბატონ ეკას, რომ იწერდა. სავარაუდოდ ეს გამიზნულია დაზარალებულ მხარეზე უკანონო ემოციური ზემოქმედებისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.