იმედია, ხვალინდელი დღე იქნება ჩვენთვის სასიკეთო და გამამართლებელ განაჩენს გავიგებთ სასამართლოს მხრიდან , - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.
ლანა ცერცვაძის განცხადებით, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს გრიგოლ ლილუაშვილსაც.
„სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად გამამართლებელ განაჩენს უნდა ველოდებოდე სასამართლოდან, მთავარია სასამართლომ შეინარჩუნოს ობიექტურობა. ამის მოლოდინი ნამდვილად, ჭეშმარიტად მაქვს, მათ შორის ბატონ გრიგოლ ლილუაშვილსაც. თუმცა თუ ხვალ ან ზეგ დადგა ის მდგომარეობა, რომ თუნდაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ჩვენ გვაქვს მეორე ინსტანციაშიც ისევ სამართლებრივი რეჟიმის ფუნქციონალი, რომლის მიხედვითაც გააგრძელებს დაცვის მხარე, უარეს შემთხვევაში, თავის მიდგომებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი პოლიტიკური აქტივობები არ იგეგმება ჩვენი მხრიდან. მივყვებით ისევ და ისევ სამართლებრივი მდგომარეობას“, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილმა სიტყვით ისარგებლა, სადაც ძირითად აქცენტს აკეთებდა იმ მდგომარეობაზე, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები.
„ჩვენ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის შედეგად და ნორმატიული აქტების შედეგად, სრულად გავაბათილეთ მტკიცებულება, თუ შეიძლება ამას მტკიცებულება ეწოდოს, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში.
ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარეობს ზოგადად საქმის განხილვა, ოთხ ეპიზოდს ედავება ბრალდების მხარე, თუმცა არცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს. ის მინიმალური სტანდარტი, რომეო მიქაუტაძის თემასთან მიმართებით, რაც შეიძლება ზოგადად მტკიცებულებად ჩაითვალოს, ეს ცრუ ინფორმაცია, რაც მოწმემ გააჟღერა, ამ მიმართულებითაც არაერთი მოწმე წარადგინა დაცვის მხარემ, სწორედ ამის დემონსტრირება ხდებოდა დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის საწინააღმდეგოდ, რამაც მოიცვა არაერთი საათი“, - განაცხადა ადვოკატმა.