საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.
„ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებს.
მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.