ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026" - ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო ერთგულებას მდგრადი განვითარებისადმი.
„ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026"-ის პატივცემულ აუდიტორიას.
მსურს, მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობაში უწყვეტი ლიდერობისთვის და ქვეყნების გაერთიანებისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო ერთგულება მდგრადი განვითარებისადმი.
ათ წელზე მეტი ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ამბიციური სვლა 2030 წლისკენ, რათა ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეგვეცვალა და ადამიანებისა და პლანეტისთვის ხელშესახები შედეგებისთვის მიგვეღწია. 2015 წელს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, აგვეშენებინა მსოფლიო, სადაც არავინ დარჩებოდა განვითარების მიღმა. საქართველო ამ საერთო მისიის ერთგული პარტნიორია და კვლავ მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით.
ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის; იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ. ამ მისწრაფებას საფუძვლად უდევს ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები", - განაცხადა პრემიერმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.