კობახიძე ღარიბაშვილს აბრალებს რაღაცას, ხოლო ღარიბაშვილი კობახიძეს. ორივე მართალია, გამკეთებლები არიან , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას მასშტაბურ კორუფციაში და ეკონომიკურ კრიზისში ადანაშაულებს. კერძოდ, ირაკლი კუპრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული სიღარიბე, ფასების ზრდა, სკოლებში შიმშილი - კორუფციის ბრალია.
პოლიტიკოსის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის, ფასების ზრდისა და მოსახლეობის შიმშილის პარალელურად, მაღალჩინოსნები ასეულობით მილიონი დოლარის კორუფციულ საქმეებში ფიგურირებენ, რის დასტურადაც მას ამოღებული ოქროს ზოდები მოჰყავს.
„სიღარიბე რომ არის, შიმშილი რომაა სკოლებში, პენსია რომ ვერ გაზარდეს, ქვეყანა რომ თავზე გვენგრევა, ფასები რომ გაზრდილია და ამ დროს ოქროს ზოდები რომ ამოიღეს, სად წავიდა ეს ოქროს ზოდები? ლილუაშვილის იყო თუ ღარიბაშვილის, რა აზრი აქვს, მოპარული ხომ იყო? ასეულობით მილიონი აქვთ მოპარული. ხან ვიღაცამ თავში ისროლა, ხან გულში, ხომ ვიცით რაც ხდება? ბათუმში წარმოუდგენელი ვითარებაა. რაციონალურმა ადამიანმა შეუძლებელია თბილისსა და ბათუმში მშენებლობის ნებართვა გასცეს და ეს არ იყოს კორუფციასთან დაკავშირებული. ერთი არგუმენტიც კი არ არსებობს, როგორ შეიძლება ერთი შენობა გადააშენო მეორეზე. რა არგუმენტია გარდა კორუფციაა? ასეულობით მილიონი დოლარის კორუფციულ საქმეებზეა საუბარი, დარწმუნებული ვარ ამაში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე „ქართული ოცნების“ მიერ ასაკრძალი პარტიების სიაში „გახარია საქართველოსთვის“ შეყვანასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია დროის გასაყვანად ხდება ახალ-ახალი პარტიების დამატება.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ცხრა თვე გვალაპარაკა პარტიების აკრძალვა/არ აკრძალვაზე, მერე ვერ გაბედა, შემდეგ ისევ ცხრა თვე გვალაპარაკა, ახლა კიდევ ვერ გაბედა, ვადა არ ეყო და თავიდან დაიწყო ცხრა თვის ათვლა. სამი წელი გავიდა. დარწმუნებული ვარ [დროის გასაყვანად ხდება ახალ-ახალი პარტიების დამატება]“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
კუპრაძის განცხადებით, მთავარი საკითხი ქართული სახელმწიფოს მართვის პროცესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს, თუმცა ამის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა აშშ-სთან, რომელიც ამ საკითხში საქართველოს მთავარი მხარდამჭერია.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, მთავარი საკითხი ქართული სახელმწიფოს მართვის პროცესში. ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი, მსჯელობა უნდა მიდიოდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უფრო მეტად ქვეყნის გარეთ. ამას სჭირდება, რომ საქართველოს საკითხი იყოს აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში. რას ვხედავთ დღევანდელ დღეს? „ქართულმა ოცნებამ“, კობახიძე-ზახაროვას რეჟიმმა გააქრო საქართველო, როგორც განსახილველი საკითხი საერთაშორისო ველზე. არცერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პლატფორმაზე, არცერთ მნიშვნელოვან ფორუმზე არ განიხილება საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, ტერიტორიული მთლიანობის გამყარება და ა.შ. აშშ არის მთავარი მხარდამჭერი ტერიტორიული მთლიანობის და სანქციებს უწესებს ქვეყნებს, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. ჩინეთი თავის მხრივ ისეთ განცხადებებს აკეთებს, სადაც არასდროს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს არ აღიარებს, თუმცა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ კობახიძე-ზახაროვას რეჟიმმა და გააფორმა ჩინეთთან“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.