ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას.
მისივე განმარტებით, შეუძლებელია ბაღის ან სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე კონკრეტულ უწყებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონდეს.
„შემიძლია ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ჩერდება, მშობლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.