შალვა პაპუაშვილი - არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ კალთაზე, როცა სტრატეგიულ პარტნიორობა გააუქმა და ხვეწნა არ დაგვიწყია - ყველაზე სანდო პარტნიორი ვართ ქართველები, მაგრამ ვინმეს თუ დრო სჭირდება, ეს მათი არჩევანია

არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ კალთაზე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობა გააუქმა და ხვეწნა არ დაგვიწყია „არ გააუქმო და იქნებ, ცოტა გადადო“. ყველამ კარგად იცის, თუკი ვინმეს უნდა ვინმესთან ურთიერთობა, პარტნიორს თუ ეძებს სადმე, ყველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორი ვართ ქართველები, მაგრამ ვინმეს თუ არ უნდა, დრო სჭირდება, ესეც მათი არჩევანია. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ს მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტზე. პაპუაშვილის თქმით, გაეროს ასამბლეის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება, რადგან ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტი, ხოლო, ვიზიტის მიზანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა და გაეროს ინსტიტუციებთან შეხვედრებია.

„რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, ჩვენ ვართ მზად ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენს ადმინისტრაციამ დაანგრია და აშშ-ს საუკეთესო პარტნიორი რეგიონში მოიძულა, შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია ცალი მხრიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ, არაერთხელ გვითქვამს,რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა. ჩვენ, ასევე ვთქვით, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ურთიერთობების დინამიკას, რომელიც არსებობს უწყებებს შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მდივნის ოფისთან. ის, რომ ჩვენთან საელჩოში ჩამოვიდა აშშ-ს ახალი დროებითი რწმუნებული, რომელიც სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი თანაშემწე იყო, ეს დინამიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა მომენტშიც აშშ-ს ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით. ასე რომ, ჩვენ არსად ვჩქარობთ, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ ურთიერთობაში, ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და აშშ-ს წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად. ამიტომ, ჩვენ ველით.

ის,რომ ბაიდენმა შეცდომები დაუშვა, მე მგონი, ეს ჩვენ კი არ დავარწმუნეთ, ამას ტრამპი არწმუნებს მთელ სამყაროს, რამდენი შეცდომა დაუშვა ბაიდენმა ყველა მიმართულებით, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობის მიმართულებით. ის, რომ ტრამპმა მაგალითად, USAID-ის დაფინანსება შეწყვიტა და დახურა, ასევე, სხვა მავნე პროექტები დახურა და საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელშიც ყველაზე მეტი ფული იხარჯებოდა იმისთვის, რომ აქ ეკონტროლებინათ პოლიტიკა და ეკონომიკა, ის, რომ მავნე დაფინანსებები გააუქმა ტრამპმა, მე მგონი, ესეც აჩვენებს იმას, რომ ჩვენი წუხილები მოსმენილ იქნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანა და მთავარი ეროვნული მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანებაა და ამ მიზნებთან ურთიერთობისთვის ყველას მიესალმებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ