ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭოს მათ შორის ჩვენც ვაფინანსებთ - საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, “ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა - ამიტომ არ გვინდა, რომ ქართველების ფული “ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე იხარჯებოდეს - შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ იქნება, რადიკალი პატრიოტს ვერ აღზრდის! რასაც არმაზ ახვლედიანისგან საჯაროდ ისმენთ, სავარაუდოდ, ის ითქმის შიგნით! - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
პაპუაშვილის თქმით, ბახმაროში, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში შეხვედრები შესაძლოა “გრანტების შესახებ“ კანონისთვის გვერდის ავლით გაიმართა, რაც აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მოკვლევის საგანია.
პაპუაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევდა და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობდა, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება.
“ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პირდაპირ უცხოეთიდან დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ არანაირ გრანტზე მათთვის არავის არ მიუმართავს და ვნახეთ, ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა რა იყო? - შესაძლოა საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით.
როდესაც ჩვენ “გრანტების შესახებ“ კანონს ვიღებდით, თავდაპირველ ვერსიაში ვალდებულება იყო, რომ ყველა უცხოურ ხარჯს, მათ შორის ორგანიზაციების პირდაპირ ხარჯსაც მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონოდა. შემდეგ საელჩოების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საჯარო დიპლომატია არის საელჩოს საქმიანობა. მაგალითად, საფრანგეთმა საქართველოს ფრანგული კულტურა, ფრანგული კულინარია ან გერმანიის ელჩმა თბილისელებს გერმანული არქიტექტურა რომ გააცნოს, რომელიც თბილისშია, ესეც ხარჯია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდეს. კანონის საბოლოო ვერსიაში აისახა, რომ თუკი პირდაპირი ხარჯია, ამას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, თუმცა მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს იმ საქმეს ეხება, რომელიც უშუალოდ საელჩოს თუ ორგანიზაციის საქმეა და იმედია, ამას გვერდის ავლისთვის არ გამოიყენებდნენ.
ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლასთან. მოდიოდა ხმები, რომ მოფიქრებული იყო კანონისთვის გვერდის ავლის სქემები. თუკი მანამდე ევროსაბჭო რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პროექტს გრანტს აძლევდა, ახლა განმარტებებიდან ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს და პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, ავტობუსი, კვების ფული პირდაპირ ევროსაბჭოს ოფისმა გადაიხადა და ექსპერტებსა და მომხსენებლებს ფული მან გადაუხადა. თუკი ეს ასეა, კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან ჩვენ ნდობა არ გვქონდა, კანონში ახლაც არის ნორმა, რომ თუ ხელშეკრულება თავისი დასახელებით არის არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს თვალთმაქცური გარიგებაა და გრანტად ჩაითვლება.
თეთრი ძაფით ნაკერ კანონისთვის გვერდის ავლას ჰყავს ყველაფერი - კატასტროფა და სკანდალი იქნება თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული. თუ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევს და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება. აუდიტის სამსახური იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. თუ ეს ასე აღმოჩნდება, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა, რადგან ეს იქნება ჩვენი ხალხის კანონების აბსოლუტური ფეხქვეშ გათელვა, როდესაც ამბობ, რომ ამიკრძალავ გრანტებს, მაშინ მოვძებნი სანქციებისთვის გვერდის ავლის გზას. ახლა ორგანიზაციებს გრანტს აღარ აძლევენ, მაგრამ “ენჯეოს“ თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულება იდება და მას წარმოადგენენ როგორც თავის თანამშრომელს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა უშუალოდ არმაზ ახვლედიანზეც ისაუბრა და მას “რადიკალიზმის იდეოლოგიური განსახიერება“ უწოდა.
“ეს ადამიანი არჩევნებს არ აღიარებს, არ აღიარებს ხელისუფლებას, არ აღიარებს კანონებს და პარლამენტში “ნაცმოძრაობის“ სიით შემოდის. არის რადიკალიზმის იდეოლოგიური განსახიერება. როცა ამ ადამიანს დაფინანსებით პოლიტიკური პროექტის პლატფორმას მისცემ, გამოდის, რომ საქართველოში რადიკალიზმს აფინანსებ. რასაც არმაზ ახვლედიანისგან საჯაროდ ისმენთ, სავარაუდოდო, ის ითქმის შიგნით. ევროპული ფულით დაფინანსებული პროექტების პირდაპირი შედეგია ის, რომ საქართველოს პროტესტების ისტორიაში პირველად, 2023 წელს “მოლოტოვის კოქტეილი“ გამოიყენეს.
როდესაც არის რადიკალი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, რომელიც არჩევნებს არ აღიარებს და საჯაროდ ამბობს, რომ ხელისუფლება დასმულია კრემლის მიერ და ვართ საოკუპაციო რეჟიმი, არასაჯაროდაც ხომ ამას ილაპარაკებს?! ანუ რას ლაპარაკობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მტრად მონიშნოს, რომ მტერია პარლამენტი, მთავრობა, პოლიცია და ხვალ რომ აქცია იქნება, მტერს, რა თქმა უნდა, “მოლოტოვის კოქტეილი კი არა, შეიძლება იარაღიც ესროლო. სირცხვილია, როდესაც რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის გვერდით ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს ვხედავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.