ცოტნე კობერიძე - ღარიბაშვილის გაოპოზიციონერებულობის არ მჯერა - რაც შეეხება ოპოზიციას, ყველაზე დიდი სირთულე 2027 წელი იქნება, პირველად მოხდა, რომ პოლიტიკური სეზონიც კი ვერ დაიწყო

ღარიბაშვილის გაოპოზიციონერებულობის მე არ მჯერა და მგონია, რომ თვითონაც სხვანაირად უყურებს. გუშინწინ იყო იქ, ზუსტად იცის მათი პროპაგანდის ძალა, ზუსტად იცის, სად ვერ გაუვა, რას ვერ გაქაჩავს და რასაც ვერ გაწევს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობერიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველა თავის ფლანგთან ცალკეულ პოლიტიკას აწარმოებს.

„გაცილებით კრიტიკულია ის წერილები, რასაც ოპოზიციონერები წერენ ერთმანეთზე ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ციხიდანაც და მერე აქედან ციხეზე პასუხები. აქეთ მხარეს ხალხი, რომლებიც ერთ პარტიაში აღარ არიან - მათ შორის კიდევ უფრო მკაფიოა შეფასებები.

ღარიბაშვილის გაოპოზიციონერებულობის მე არ მჯერა და მგონია, რომ თვითონაც სხვანაირად უყურებს. მართლა ჰგონია, რომ რამენაირად უნდა გამოუშვან და თუ არ გამოუშვეს, შეიძლება დიდად არ ემაიმუნება ახლა პოლიტიკის ამ ფორმით კეთება იმიტომ, რომ გუშინწინ იყო იქ, ზუსტად იცის მათი პროპაგანდის ძალა, ზუსტად იცის, სად ვერ გაუვა, რას ვერ გაქაჩავს და რასაც ვერ გაწევს.

ღარიბაშვილი ახლა ციხეშია და სასოწარკვეთილია და რაღაც ხომ აქვს წარმოდგენები, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მისი ხვალინდელი დღე უკეთესი და ამიტომ, მისი ტვინი მეტ-ნაკლებად ისეთს ხარშავს, რაც მის თავისუფლებას უდრის. აგერ, მიუსაჯეს 13 წელი იმ კაცს [გრიგოლ ლილუაშვილს] და ხმა არ ამოუღია. ბიძინამ ზუსტად ეს აგრძნობინა ამ ხალხს, რომ ჩემთვის კი არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდები არსებობდნენ, მაგრამ შენ რომ ჩემთან მიქარავ, არ იფიქრო, რომ მეორე გუნდის დასუსტების შემთხვევაში შენ ჩემთან იხეირებო. ვგულისხმობ როგორც ლილუაშვილს, ისე მდინარაძეს - ორივე ფლანგთან მიმართებაში ეგ სვლა გააკეთა - ერთს 13 წელი მიუსაჯა, მეორე სუს-ის უფროსად დანიშნა და მალევე შეცვალა. ერთ მხარესთანაც და მეორე მხარესთანაც ბიძინა ცალკეულ პოლიტიკა აწარმოებს”, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

მან ასევე ოპოზიციაში არსებული სიტუაციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა ფსონი საგარეო პოლიტიკაზე დადეს და საშინაო პოლიტიკისთვის რესურსები აღარ ეყოთ.

“პოლიტიკა არის ძალიან მარტივი რამ - ან ხარ ინსტიტუციებში, იქ ძლიერდები და ცდილობ, ასე აკეთო პოლიტიკა ან თუ ხარ გარეთ, გაქვს კონკრეტული ფანჯარა, რომლის დროსაც ის უნდა ააყირაო და დაამარცხო. თუ არა და შენ რომ ამბობ, ხელისუფლება გავაშიშვლეო, ის უკვე უსირცხვილოა, არაფრის აღარ რცხვენია იმიტომ, რომ მიეჩვია იმას, რომ შიშველია და მერე ასეთი კრიზისი დგება. დაზიანდა ქვეყანაც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უბრალოდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიაპაზონი გაიზარდა ძალაუფლების, რესურსებისა და ძალიან ბევრი რამის.

იმ ფსონმა, რომელიც დადებული იყო, არ გაამართლა, უბრალოდ პოლიტიკოსებს მარცხზე ლაპარაკი არ უნდათ, მაგრამ ახალი ნაბიჯები ვერ გადაიდგმება, თუ მარცხის შეფასება არ მოხდება. შიდა პოლიტიკაში რესურსები აღარ დარჩა იმიტომ, რომ ყველა ფსონი გარე პოლიტიკაზე დაიდო და მივიღეთ ეს კრიზისი.

ან არ უნდა გამოსულიყავი პარლამენტიდან, თუ გამოხვედი, მაშინ პრეზიდენტის სასახლიდან აღარ უნდა გამოსულიყავი, იქ უნდა მოგეწყო რევოლუცია და დაგემთავრებინა ეგ ამბავი. რაღაც შუა სიმბიოზური პროცესი, რომ თავისით რაღაც მოხდება, რადიკალური ენა მქონდეს, მაგრამ არა ქმედება, საბოლოო ჯამში, მოვალთ აქამდე, სადაც პოლიტიკოსებს გაქვს უკვე ისეთი ნასაუბრები, რომ შენგან აღარავინ აღარ ითხოვს სიტუაციის ნორმალიზებას. მერე აღმოაჩენ, რომ არჩევნები იშვიათად ტარდება და როდესაც ეს თარიღი აღარ არის, რა არის ის, რაშიც შენ თანამშრომლობ? ხომ არის არ თანამშრომლობის პროცესი, მაგრამ აღარაფერი აღარ დარჩა ისეთი, რაშიც შენ სათანამშრომლო გაქვს.

ყველაზე დიდი სირთულე მაინც 2027 წელი იქნება. პირველად მოხდა, რომ პოლიტიკური სეზონიც კი ვერ დაიწყო, არაფერი სიახლე არ არის და ხელისუფლებამ მის რიტორიკაში აქტიურად გააჩინა პარტიების აკრძალვები. პარტიების დიდი ნაწილი ისედაც ბოიკოტისკენ იხრებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ საბოლოოდ ამის დიპლომიც მისცა”, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ