ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საქმიანობას ეხმაურება.
მისი შეფასებით, ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს აძლიერებს და თავად ევროპის საბჭოს მიუკერძოებლობას და სანდოობას აზიანებს.
„კიდევ ერთხელ, კარგად რომ გავიაზროთ ბახმაროს შეკრების სკანდალის მასშტაბი, დამოუკიდებლად იმისა დაარღვია თუ არა ევროსაბჭომ კანონი:
ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას "სამოქალაქო დიალოგის" ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს.
საუბარია პოლიტიკოსზე, რომელიც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ბოკერიას განყოფილების პარტიული სიით იყო დეპუტატი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი უშუალოდ დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით მონაწილეობდა.
ორი წლის წინ, არჩევნების ღამეს სწორედ ის აცხადებდა: „ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს. გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება“. მანამდე, ის არც 2020 წლის არჩევნებს ცნობდა.
ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს?
ნათელია, რომ ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს აძლიერებს და თავად ევროპის საბჭოს მიუკერძოებლობას და სანდოობას აზიანებს“, - წერს პაპუაშვილის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
ხელისუფლების წარმომადგენლების - პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის კრიტიკის საგანი გასულ კვირას ბახმაროში გამართული სემინარი გახდა. როგორც მთავრობა აცხადებს, “გრანტების შესახებ“ კანონის გათვალისწინებით ევროსაბჭოს მიერ თბილისის პოლიტიკური სწავლების დაფინანსებას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, მას კი ასეთი თანხმობა არა აქვს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო. მატივე ცნობით, აუდიტის სამსახური პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მატარებელი.