ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ

კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი X-ზე წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა.

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში”, - აღნიშნავს პრემიერი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს