საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას, ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო რჩება იმ პრინციპების დაცვის ერთგული, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით. ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უწყების ინფორმაციით, სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.