მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს, როცა ეკლესიური ტრადიციის მიხედვით, საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყოს, როცა საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება.

ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკლესიაში არსებული საერთო ტრადიციით, საფლავი რომ გაიხსნას, 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული, რათა ნახონ სხეული გაიხრწნა თუ არა.

მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება პატრიარქ ილია მეორის წმინდანად „დაუყოვნებლივ შერაცხვა“, თუმცა იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდის წევრები პატრიარქ ილია მეორის კანონიზაციის საკითხზე სამსჯელოდ, სწორედ ამ 3 წლის გასვლას ელოდებიან.

ილია მეორის წმინდანად შერაცხვის წინააღმდეგი არ არის არავინ საერთოდ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უნდა მოვიცადოთ. მე მაგალითად, არ მესმის, რატომ უნდა მოვიცადოთ და რატომ არ შეიძლება, რომ გამოიტანოს წმინდა სინოდმა ეს დასკვნა, მით უმეტეს, არსებობს ასეთი წესი. საერთოდ, წმინდანად შერაცხვის წესი ლათინური სამყაროდან არის ჩვენთან შემოსული. ჩვენთან პირდაპირ ლოცვებში იხსენიებდნენ და ხატს ჰკიდებდნენ ხოლმე, ეს იყო წმინდანად შერაცხვა. კანონიზაციის წესი რაც არის, დასავლეთ ეკლესიიდან არის შემოსული და იქ არსებობს ასეთი წესი, ჰქვია „სანტო სუბიტო“- წმინდანი დაუყოვნებლივ, წესია ასეთი. როცა ჩვენი სინოდი გადაწყვეტს, ჩვენ საყოველთაო თაყვანისცემა მაშინ გვექნება. ჩემს ეპარქიაში პატრიარქისადმი ნდობა გვაქვს გამოცხადებული, ხატი ჰკიდია მისი ჩვენთან და ჩვენ აქ რა უფლებაც გვაქვს, იმის მიხედვით შერაცხილი გვყავს წმინდანად, ვიხსენებთ როგორც წმინდანს.

წმინდა სინოდის ყველა წევრი ამბობს, რომ უნდა მოიცადონ, მგონი პატრიარქიც ამ აზრზეა. საერთოდ ტრადიცია ასეთია ეკლესიაში, 3 წელი მაინც უნდა გავიდეს, საფლავი რომ გაიხსნას. ტრადიცია არსებობს, ათონის მთაზე განსაკუთრებით, რომ 3 წლის მერე ხსნიან ხოლმე საფლავს და ნახავენ, როგორია მისი სხეული, გაიხრწნა თუ არა, შეიძლება ამას გულისხმობენ [მოცდაში] წმინდა სინოდის წევრები.

მე რამდენადაც ვიცი, დაუყოვნებლივ შერაცხვაც ყოფილა ეკლესიის ისტორიაში. შეურაცხავთ ასე წმინდანი. პირადად ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე წმინდანია და მე მაქვს ამის უფლება, რომ როგორც წმინდანს ნდობა გამოვუცხადო. არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე. არ მინდა, რომ წმინდა სინოდის წევრებთან მქონდეს რაიმე უთანხმოება და მშვიდად ვაკეთებ ამას, მეორეს მხრივ მჯერა, რომ ჩვენი პატრიარქი წმინდანია და ჩემს ეპარქიაში ამ დამოკიდებულებას გამოვხატავთ მის მიმართ.

რაც შეეხება იმას, როდის მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან ბოლოს ამ თემაზე კომუნიკაცია, ილიაობა რომ იყო 2 აგვისტოს, ბოლოს მაშინ მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან ამ თემაზე კომუნიკაცია და მაშინ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ცოტა დავიცადოთ და მერე შევრაცხოთ ერთადო“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე: ხომ არ იგეგმება უახლოეს პერიოდში წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, „არავის არაფერი უთქვამს“.

„უახლოეს წარსულში ასეთი მაგალითი არ გვქონია დაუყოვნებლივ შერაცხვის, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება უჭირთ. ეს ხომ ყველამ უნდა მიიღოს და ყველა არ არის თანახმა დაუყოვნებლივ შერაცხვაზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, თვეში ერთხელაც რომ იყოს სინოდის სხდომა, სალაპარაკო ყოველთვის გვექნება. უწმინდესმა და უნეტარესმა უნდა დანიშნოს ეს სინოდის სხდომა”,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს