ირაკლი ღარიბაშვილი ელაპარაკება ივანიშვილს, ცოტათი აცოდებს თავს, უყვება, როგორ დაჩაგრეს უსინდისო ჩინოსნებმა, კობახიძის და მდინარაძის სახით და როგორ აღმოჩნდა ის ციხის საკანში, ისე რომ, არ აქვს შესაბამისი ბრალეულობა - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ მორიგ წერილს გამოეხმაურა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, თუ ღარიბაშვილს გამოაჩნდება გამბედაობა, რომ ამხილოს რეჟიმი კონკრეტული ფაქტებით, ამას ყველანი დავინახავთ, თუმცა მანამდე ყოველი მისი წერილი დაკარგავს საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენის უნარს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ პირველ წერილში თქვა, რომ ის თავიდან დათანხმდა მისთვის დამამცირებელ გარიგებას და ჩაჯდა ციხეში ულაპარაკოდ. ეს თავისთავად მეტყველებს იმ კოლაფსზე, რომელიც სახელისუფლებო დერეფნებში არსებობს. ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ არაფერი დაუშავებია, დათანხმდა ისეთ გარიგებას, რომლის ძალითაც მას მოუხდებოდა ციხეში ყოფნა, მაგრამ „გაგრძელდა ჩემზე ზეწოლაო და მხოლოდ ამიტომ ამოვიღე ხმაო“. ასევე, ამბობს, რომ ამას აკეთებს საკუთარი ოჯახისა და თავის გადასარჩენად. თუ მხოლოდ ეს იქნება მისი წერილების „ლაიტმოტივი“ და ჯერჯერობით ასეა, რომ გადაარჩინოს საკუთარი ოჯახი და ეს გამონათქვამები, ეს ე.წ. ნახევრად მხილება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით ნაკარნახევი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გინდ 7 დაწეროს, გინდ ორი ამდენი, ამას არავითარი შედეგი არ ექნება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ის გადაწყვეტს, რომ ანტიდემოკრატიული და ანტიადამიანური რეჟიმი მართლაც ამხილოს, რომელიც არის დღეს ხელისუფლებაში, ყველანი დავინახავთ, რა ძალის იქნება მისი არგუმენტები თუ მხილება.
უმჯობესია, მისი წერილებიდან დავინახოთ მისი საბოლოო განზრახვა. საინტერესოა, როგორი განვითარება ექნება ამას, როგორი ფაქტების, არგუმენტების მოყოლებას აპირებს ამ ბრალდებებისთვის ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერჯერობით, ჩემი განცდით, ის ელაპარაკება ივანიშვილს, ცოტათი აცოდებს თავს ივანიშვილს და უყვება მას როგორ დაჩაგრეს უსინდისო ჩინოსნებმა, კობახიძის და მდინარაძის სახით და როგორ აღმოჩნდა ის ციხის საკანში, ისე რომ არ აქვს შესაბამისი ბრალეულობა. თუ ამას გადალახავს და მამა-მარჩენალს კი არ დაუწყებს საუბარს, არამედ დაუწყებს საუბარს ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს, თუნდაც „ქართული ოცნების“ იმ ამომრჩეველს, რომელსაც მის მიმართ აქვს გარკვეული ნდობა, ამ შემთხვევაში ვითარება იქნება შეცვლილი. მანამდე საუბარი იმაზე, რომ ვიმარჩიელოთ, როგორ განვითარდება მისი წერილების ტონალობა, ან კიდევ ბრალდებების სიმძიმე, ჩემთვის ძნელია ამის პროგნოზირება.
რაც შეეხება წერილის იმ ნაწილს, სადაც ის „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის არის საძულველი პოლიტიკური ძალა 2012 წლიდან. მისთვის ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდ რამეს ადარებს „ქართულ ოცნებას“. მის გონებაში ალბათ ასეა, რომ არა კანონს, არა დემოკრატიას ემორჩილება ახლა მმართველი რეჟიმი, არამედ ემორჩილება რაღაც სრულიად სხვა გარიგებებს და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის თვითონ იყო ამ ანტიქართული რეჟიმის ნაწილი. თუ მას გამოაჩნდება გამბედაობა, რომ ამხილოს ეს რეჟიმი და მათ შორის ამხილოს კონკრეტული ფაქტებით, ამას ყველანი დავინახავთ. მანამდე ყოველი მისი წერილი დაკარგავს შთაბეჭდილების მოხდენის უნარს საზოგადოებაზე. ალბათ, მან ეს უნდა გაითვალისწინოს“,- განაცხადა წიკლაურმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხზე მიმდინარე პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „რეალურად ხდება დემონიზაცია როგორც პოლიტიკური ფიგურების, პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სკოლების“.
„ქართული ოცნების“ ბოლო ორი წლის პოლიტიკური ლოგიკა ემყარება ამას, რომ თავისუფალი აზრი, თავისუფალი პოლიტიკური მოქმედების შესაძლებლობა და ევროპასთან თანაზიარობა მთლიანად იყოს განდევნილი ქართული პოლიტიკური სივრციდან. ნებისმიერი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, და იცით, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბარი, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიასაშუალება, რომელიც მათთვის არასასურველია, სწორედ ამ სტერეოტიპის და კლიშეს ჩარჩოებში არის მოქცეული მათი მხრიდან. რა არის ეს სტერეოტიპები? ვითომ არსებობს “დიფ სტეიტი“, არსებობს მტრების გუნდი, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ზოგადი ჩარჩო აქვთ და ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას მოაქცევენ ამ ჩარჩოს ქვეშ. რეალურად ხდება დემონიზაცია როგორც პოლიტიკური ფიგურების, პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სკოლების. მეორე მხარეა, რომ სულ უფრო და უფრო მზარდი შეტევა ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპულ საზოგადოებაზე, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სულ უფრო მცირდება „ქართული ოცნების“ განცდა, რომ ევროპის კავშირში, ან სხვა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია სამომავლოდ შეიძლება მათი პოლიტიკის განმსაზღვრელი იყოს.
რაც შეეხება იმას, უნდა ელოდოს თუ არა არმაზ ახვლედიანი მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ ასეთი მოლოდინი გვქონდეს. ეს არის თავისუფალი აზრის განდევნა ქართული პოლიტიკური სივრციდან და ეს მთლიანად ჯდება იმ კონტექსტში, რომლის მონაწილენიც და მხილველნიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება პარტიების აკრძალვის საკითხს და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ განახლებულ სარჩელს, პოლიტიკოსის შეფასებით, პარტიები უკვე ისედაც აკრძალულია.
„მთლიანად მთელი ოპოზიციური ველის განადგურება არის ახლა „ქართული ოცნების“ ამოცანა. გახარიაზე ისიც კი თქვეს, რომ, როცა პარლამენტში შემოვიდნენ, ისე კარგად არ მოექცნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ და ამიტომ შევიტანეთ სარჩელიო.
ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ახლაც გაუქმებულია. არსებობს მხოლოდ ფორმალური მხარე. პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ციხეში სვამენ და არანაირი პოლიტიკური უფლებები აღარ არსებობს. ბარამიძე 34 წლის წინ მომხდარი ფაქტის შეფასებისთვის დაიჭირეს.
როცა ვლაპარაკობთ ერთი პოლიტიკური სივრციდან თავისუფალი არზის გასვლაზე, ეს სწორედ ამას გულისხმობს პატიმრობაში გადაგზავნას, აზრის განდევნას და ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის დევნას, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური აზრი აქვს”, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.