გიორგი გაბუნია - ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის არმაზ ახვლედიანი და რას წარმოადგენს - ბახმაროში გამართული ღონისძიების მიზანი, რეალურად, ჩამქრალი საპროტესტო მუხტის გაღვივებაა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებაა

ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის არმაზ ახვლედიანი და რას წარმოადგენს - ბახმაროში გამართული ღონისძიების მიზანი, რეალურად, ჩამქრალი საპროტესტო მუხტის გაღვივება და გაძლიერებაა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები „ერთი მხრივ, ევროპული ღირებულებებით გვესაუბრებიან და მეორე მხრივ, საქართველოში პოლიტიკური ექსტრემიზმის და რადიკალიზმის წახალისებას ხელს უწყობენ“, ეს არის ორმაგი სტანდარტი.

გაბუნია აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარის გამართვასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირები „კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“.

„ძალიან კარგად ვიცი ეს პოლიტიკური სკოლა რა არის და რას ემსახურება. ძალიან ადრე, დაახლოებით, 15 წლის წინ მეც მქონდა ამ პოლიტიკურ სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით შეთავაზება და უარი ვთქვი, ვინაიდან ჩემთვის მიუღებელია ამ პოლიტიკური სკოლის ფორმატი და ღირებულებები.

არ ვიცით, რომ არმაზ ახვლედიანი „ნაცია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია?! ძალიან კარგად ვიცით ვინ არის არმაზ ახვლედიანი და რას წარმოადგენს. ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეძახის ეს ადამიანი „რუსულ ხელისუფლებას“ და არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთ ადამიანთან თანამშრომლობს ევროკავშირი და აფინანსებს მის ღონისძიებას. რაზე ვსაუბრობთ?! ყველაფერი გასაგებია საზოგადოებისთვის. როდესაც ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან ევროპული ღირებულებებით და მეორე მხრივ, აფინანსებენ, ხელს უწყობენ საქართველოში პოლიტიკური ექსტრემიზმის და რადიკალიზმის წახალისებას, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

ხელისუფლების წარმომადგენლების - პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის კრიტიკის საგანი გასულ კვირას ბახმაროში გამართული სემინარი გახდა. როგორც მთავრობა აცხადებს, “გრანტების შესახებ“ კანონის გათვალისწინებით ევროსაბჭოს მიერ თბილისის პოლიტიკური სწავლების დაფინანსებას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, მას კი ასეთი თანხმობა არა აქვს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო. მათივე ცნობით, აუდიტის სამსახური პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მატარებელი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს