გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ადვოკატის განცხადებით, ავალიანის ტელეფონზე ექსპერტიზას ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები ჩაატარებენ

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაყოლიების ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, არ არსებობს არც შეტყობინება, არც სიტყვიერი მითითება და არც სხვა გარემოებები, რაც დაკავშირებული იქნებოდა ნია იმნაძის მხრიდან ვინმეს დაზიანების სურვილთან,- ამის შესახებ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ადვოკატის თქმით, მათ გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონის გახსნის მიზნით ექსპერტიზა დანიშნეს.

„კიდევ მოვიპოვეთ გარკვეული მასალები. კერძოდ, ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტელეფონი ვერ გაიხსნა. ვინაიდან დაცვის მხარე ატარებს სრულყოფილ გამოძიებას, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ დაგვენიშნა ექსპერტიზა მობილური ტელეფონის გახსნის მიზნით ისრაელში. ისრაელის ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში. აღნიშნული წერილობითი კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო ექსპერტიზის ჩატარებასთან, დამატებით წარვადგინეთ სასამართლოში და სასამართლომ ისინი დაუშვა განსახილველად.

ამ ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი იყო ბრალდების მხარე წინა სასამართლო სხდომაზე და შუამდგომლობდა ჩვენი მოთხოვნის დაუშვებლად ცნობას, თუმცა მოსამართლემ დაუშვა ეს. ეს არის ნივთმტკიცება, რომელიც ერთვის საქმეს და აუცილებელია სრულყოფილი კვლევის ჩატარების მიზნით.

მოცემულობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ დაცვის მხარეს აქვს ვალდებულება, რომ არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით, სრულყოფილად შეისწავლოს მტკიცებულებები. ის გარემოება, რომ ყველა მობილური ტელეფონი ამ დროისათვის შესწავლილია, ხოლო გიგა ავალიანის კუთვნილი ტელეფონი ამ დრომდე გახსნილიც კი არ აქვს ბრალდების მხარეს, არის ჩვენი კვლევის მთავარი კითხვის ნიშანი. აუცილებელია საქმეზე მტკიცებულებად დართული მობილური ტელეფონის გახსნა და ნახვა, თუ რა ინფორმაციაა მასში.

ბრალდების მხარე ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საზოგადოებას აწვდის არასრულყოფილ, არასწორ ინფორმაციას. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გარკვეული გარემოებები დასტურდება ამ თუ იმ მტკიცებულებებით, თუმცა მტკიცებულებათა შინაარსი არ ემთხვევა და დაკავშირებული არ არის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. ბრალდების მხარე ცალკეულ ინფორმაციებს არასწორი ფორმით აჟღერებს და ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ნია იმნაძის მხრიდან ვინმეს, მათ შორის ალექსანდრე გაბაშვილის წაქეზების ფაქტს. ეს არ დასტურდება ამ შემთხვევაში.

ანძებით ხდება მანიპულირება. ანძა არის კავშირგაბმულობის არხის მიღების საშუალება, რომელსაც აქვს მოქმედების ზონა, დაახლოებით 10 კილომეტრზე მეტი. ამ 10-კილომეტრიან რადიუსში ადამიანები სად მდებარეობენ, როგორ მდებარეობენ, ერთად არიან თუ ცალ-ცალკე, ამას კონკრეტულ მტკიცებულებად ვერ აღვიქვამთ.

წაქეზება სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად არის კონკრეტული პირის დაყოლიება. ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს, რომ კონკრეტული პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფმა ადამიანმა დაიყოლია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაყოლიების ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, არ არსებობს არც შეტყობინება, არც სიტყვიერი მითითება და არც სხვა გარემოებები, რაც დაკავშირებული იქნებოდა ნია იმნაძის მხრიდან ვინმეს დაზიანების სურვილთან“,- განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს