საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „არსებითად უსაგნოა“ მსჯელობა, უნდა შესულიყო თუ არა ოპოზიცია პარლამენტში ან უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში.
პირიქით, სააკაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას „მაგიდა უნდა ავუყირაოთ“, რის შემდეგაც ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
სააკაშვილი „ფეისბუქ - გვერდზე“ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში საუბრობს რუსეთის მაგალითზე და ჩატარებულ დუმის არჩევნებზე. ექსპრეზიდენტი მოსკოვში ბოლო წლებში ოპოზიციის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სინამდვილეში „რუსული ტიპის რეჟიმების ხელწერა ყველგან ერთნაირია“.
„რუსეთში გაიმართა "სახელმწიფო დუმის არჩევნები", რომელსაც დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს და ამ "არჩევნებთან" დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ წინა ისტორია.
2012 წელს დუმის არჩევნების გაყალბების შემდეგ მოსკოვში ბევრი ხალხი გამოვიდა პროტესტზე. პუტინის რეჟიმი შეირყა, ის კი არა მე მიუნხენში პუტინის პარტიის ორი საკმაოდ ცნობილი დეპუტატი შემთხვევით შემხვდა და შუა ქუჩაში ჩემთან ღიად ლანძღა პუტინი.
მაშინ ოპოზიცია ერთად იდგა. ნავალნის ხალხი, ჩემი მეგობრები ნემცოვი და კასპაროვი და იავლინსკის "იაბლოკო", მიტინგებმა ვერაფერს მიაღწიეს. ამის შემდეგ პუტინმა დაიწყო რეპრესიების გატარება თითქმის ყველას წინააღმდეგ გარდა იავლინსკისა. ამ უკანასკნელს პუტინი პირადად შეხვდა, დაჰპირდა დაფინანსებას და მოსკოვის ცენტრში დიდი ოფისის შენარჩუნებას და შესთავაზა სხვებისგან გამიჯვნა, რაც იავლინსკიმ შეასრულა და მას შემდეგ ითვლებოდა სისტემურ ოპოზიციად. ამასობაში კასპაროვი გააძევეს, ნემცოვი და ნავალნი მოკლეს. პუტინი კი აგრძელებდა იავლინსკისთან შეხვედრებს. იავლინსკის ლოზუნგი იყო არც ოპოზიცია და არც პუტინის პარტია!
წლევანდელი არჩევნების წინ იავლინსკიმ წამოიკნავლა, რომ მშვიდობას უჭერს მხარს და მოკითხვებში "იაბლოკოს" რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა. პარტია უმალ მოხსნეს არჩევნებიდან. იავლინსკის მოადგილეს შლოსბერგს 12 წელი მიუსაჯეს.
სამაგიეროდ რუსეთში გაჩნდა ახალი პარტია "ახალი ხალხი". იქ შეიყვანეს ბევრი სიმპათიური ახალგაზრდა, ასევე ცნობილი ადვოკატები და "ექსპერტები", ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ეს პარტია მშვიდობაზე და ომზე არაფერს ამბობს, სამაგიეროდ იძახის "არც "იაბლოკო" და არც "ედინაია რასიას" (პუტინის პარტია. ახალმა პარტიამ გადალახა ბარიერი და შევიდა დუმაში და ჩაანაცვლა "იაბმლოკო".
ქართველებო, აბა დაუფიქრდით, არაფერს გაგონებთ ეს სიტუაცია?
სინამდვილეში რუსული ტიპის რეჟიმების ხელწერა ყველგან ერთნაირია. მახსოვს თურქმენბაში საჯაროდ როგორ ტრაბახობდა ამ ვადაში ძალიან კარგი ოპოზიცია დავნიშნეო. ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა "დავნიშნეო", ამიტომ კამათი იმაზე პარლამენტში უნდა შევსულიყავით თუ არა, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა თუ არა, არსებითად უსაგნოა, იმიტომ რომ თუ შულერს სათამაშოდ დაუჯდები, ყოველთვის მოიგებს. უნდა ავუყირაოთ მაგიდა და შემდეგ ყველაფერს მივაღწევთ“, - წერს სააკაშვილი.