ეს არის ჩვეულებრივი, ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ეწევა, - ასე აფასებს “ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში „პალიტრანიუსის“ გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე და ყველა უნდა შეეშვას ამის მოსინჯვას.
ტუღუშის თქმით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე არავინ ვაჭრობს და ეს მხოლოდ რუსული ნარატივია, რომელიც ევროკავშირის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
“ეს არის ერთ-ერთი ხერხი, მოახდინო ანტიევროპული იდეების გავრცელება ქვეყანაში იმიტომ, რომ თუ დააჯერებ აქაურს, რომ რაღაც საპირწონეა და ვიღაც გევაჭრება, რომ მიგიღებ ევროკავშირში, ოღონდაც „უნდა დათმო აფხაზეთი და ცხინვალიო“, რა თქმა უნდა, კითხვები გაგიჩნდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, მოგონილია და სხვათა შორის, რუსეთს ძალიან უნდა, რომ ასეთი პირობები იყოს. ეს თემა დიდი ხანია, დაიხურა, მაგრამ ამათმა რუსული ნარატივი დააბრუნეს, თითქოს ვიღაც ასე ვაჭრობდეს.
ეს არის ჩვეულებრივი, ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ეწევა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ბრიუსელთან სალაპარაკოდო, ამბობს. ჯერ ერთი, შენ დახურე მოლაპარაკებების საკითხი, ამის შემდეგ ყოველდღიურ დისკრედიტაციასა და ლანძღვა-გინებით ხარ დაკავებული და ბოლოში ისიც კი თქვა პაპუაშვილმა, „ჩვენ კი არ უნდა შევიცვალოთ და ჩვენ კი არ უნდა გავატაროთ რეფორმებიო, ევროპა უნდა შეიცვალოსო“. ევროკავშირს ჰქონია თურმე რაღაცები მოსატრიალებელი, თითქოს ევროკავშირი შემოდის საქართველოს შემადგენლობაში”, - განაცხადა ტუღუშმა.
მან ასევე ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უკვე ბევრი წითელი ხაზი გადალახა, პარტიების აკრძალვას კი უამრავი ცუდი პროცესი მოჰყვება.
“მე ვფიქრობ, რომ ეს წაგებული თამაშია, უბრალოდ, პირველ რიგში, საქართველოსთვის არის წაგებული თამაში. ბევრი წითელი ხაზი გადალახეს, როდესაც მიიღეს ეს კანონები, როდესაც ქვეყანა ამ პროცესში გაჭედეს, როდესაც ადამიანები გაუგებარი მიზეზებით დაიჭირეს და მე მგონი, ეს ხაზი იქნება ის ხაზი, რომლიდანაც უკან ვერ მობრუნდებიან.
ის, რომ მთლიანად გააუქმო პოლიტიკური ოპოზიცია, თან ასეთი ცინიკური ფორმით, როგორც ამას აპირებენ, ეს არის ბოლო წერტილი და ამას ძალიან ცუდი პროცესები მოჰყვება. ცეცხლს ეთამაშებიან და ქვეყანაც ცეცხლში შეაგდეს.
ხომ დადიან უცხოეთში, გაერო იქნება თუ ბრიუსელი, რეებს იძახიან, რაღაც ზღაპრებს ლაპარაკობენ, ვითომ გეოპოლიტიკური ფასი გაიზრდებაო, რანაირად გაიზრდება გეოპოლიტიკური ფასი, ამ გეოპოლიტიკაში სახელმწიფო არ არსებობს? როგორ ხატავ ამ გეოპოლიტიკას, თუ არ ითვალისწინებ ამ სახელმწიფოს, ვინმე იტყვის, რომ ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიულია?
ლაპარაკობენ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. კი, მნიშვნელოვანია შუა დერეფანი, მაგრამ ეს შუა დერეფანი თუ ასამუშავებელი იქნება, მათ შეექმნებათ ეს პრობლემა იმიტომ, რომ ლიანდაგის ქვეშ ჩაწვნენ, რათა მატარებლებმა და ტვირთებმა არ იარონ, კედლები ააშენეს იმისათვის, რომ არ გაკეთდეს ეს. თუ შუა დერეფნის მნიშვნელობაზეა საუბარი, რამდენი ხანია ეს პროცესები გაჭედეს. ანაკლიის თემა რამდენი ხანი იყო გაჭედილი, თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რას აკეთებდნენ აქამდე? ან ეს სასამართლო რომ წააგეს ნამახვანჰესზე, საიდან უნდა გადაიხადოს ქვეყანამ ამხელა ფული? ათასი პროექტი გვაქვს და დაკარგული დრო, ხიდები ინგრევა და გზები ვერ გაუკეთებიათ წესიერად, ეს ყველაფერი ნიშნავს გეოპოლიტიკის ზრდას? ელემენტარულ რაღაცებს ვერ აკეთებენ, აეროპორტებზე რა ხდება საერთოდ, რა კონტრაქტები დადეს, მაშინ ეს ყველაფერი განვიხილოთ”, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.