მთელი კასკადი, რაც ხდება, არის “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი, როდესაც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს 443 მილიონი დოლარი და პლუს ყოველდღიური ჯარიმა, ვიდრე ამ ფულს საქართველო არ დაფარავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” თურქულ კომპანია Enka-სთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც “ნამახვანჰესის” ჩავარდნილ პროექტს უკავშირდება.
გოცირიძის თქმით, სანამ პარიზის სასამართლო პროცედურულ დარღვევებს განიხილავს, Enka-მ აღსრულებაზე ამერიკის სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სასამართლომ კი დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ თანხა დღესვე უნდა გადაიხადოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით კი, ეს იმას ნიშნავს, რომ Enka-ს შეუძლია, გადაუხდელობის შემთხვევაში, ქვეყნის ნებისმიერი ქონება დააყადაღოს და გაყიდოს.
“ამ მავნე ხელისუფლებამ მხოლოდ ჯარიმის სახით წარმოუდგენლად დიდი რესურსები დაგვაკარგვინა. სულ მცირე, 10-15 წლის განმავლობაში საქართველოში დიდი მარეგულირებელი ელექტროსადგური ვერ აშენდება, ვინაიდან ამან დომინოს პრინციპი გამოიწვია - მას მიჰყვა „ნენსკრა“, საიდანაც კორეელი ინვესტორი წავიდა, შემდეგ მას მიჰყვა ინდოელი ხუდონიდან. სამი მნიშვნელოვანი ჰესი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, აღარ იქნება.
ჩვენ გვჭირდებოდა მარეგულირებელი ჰესები, რათა რუსეთის ენერგოსისტემაზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. აღარც ინვესტორია, არც ფული, რეპუტაცია ისე შეგველახა, ვინ შემოვა საქართველოში? კოლოსალური ზარალი მოგვაყენეს.
რაც შეეხება განცხადებას, პარიზის სასამართლოში წავა ეს დავაო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში ეს დავა მორჩა, ახლა კი პარიზის ჩვეულებრივ სასამართლოში არის გასაჩივრებული მხოლოდ პროცედურული საკითხები.
443 მილიონი არის კატასტროფულად დიდი თანხა. “ნამახვანჰესში” თურქებმა მაქსიმუმ 40 მილიონი ჩადეს. ამიტომ არის ეს ხელისუფლება დამნაშავე და კორუმპირებული, ორი წლის წინ, დაახლოებით, 300 მილიონი ლარი უცხოელი ადვოკატებისთვის ჰქონდათ გადახდილი და როგორც ჩანს, აქაც კორუფციაა და როგორც ჩანს აქაც იღებენ ე.წ. ატკატებს, თორემ რატომ წააგეს ასე კატასტროფულად? სად იყვნენ მათი უცხოელი, მაგარი ადვოკატები, როცა ასეთი საშინელი რიცხვები დაგვაკისრეს?
რაც შეეხება ამის ამერიკაში გასაჩივრებას, Enka წავიდა, აღარ დაელოდა პარიზის ჩვეულებრივ სასამართლოს, რომელმაც დროებით შეაჩერა გადახდა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის არგუმენტი იყო, რომ ჩვენი ბიუჯეტი ამას ვერ გაუმკლავდება, შესაბამისად, დავის დასრულებამდე გადახდა გადაავადა. Enka წავიდა ვაშინგტონში აღსრულებაზე და ამერიკის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ დღესვე უნდა გადაიხადოს ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ ვიხდით, დღესვე Enka-ს შეუძლია, საქართველოს ნებისმიერი ქონება, გარდა ჩვენი რეზერვებისა და დიპლომატური შენობა-ნაგებობისა, დააყადაღოს და გაყიდოს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.